USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა - ლევან დავითაშვილი

წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა - ლევან დავითაშვილი

2024-03-27 16:49:00

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Moody's-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა, მითუმეტეს, როდესაც რეგიონში მასობრივად მოხდა რეიტინგების გაუარესება, გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდგომ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა. 

„საკრედიტო რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნის ეკონომიკის ნდობის მიმართულებით, ინვესტორები ზუსტად ამ რეიტინგების მიხედვით ხელმძღვანელობენ თავიანთ საინვესტიციო  გადაწყვეტილებებში, ზოგადად, ობიექტური აღქმა დაკავშირებულია ამ რეიტინგებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ უცვლელად შეუნარჩუნა  საქართველოს რეიტინგი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

საქართველოს Ba2 რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა ასახავს სარეიტინგო სააგენტოს შეფასებას - რომ რისკები მიმდინარე პერიოდში დაბალანსებულია. Moody's დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისგან მოსალოდნელი ნეგატიური გავლენის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ  მდგრადობა აჩვენა, რაც მისივე შეფასებით, მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, სააგენტო დადებითად აფასებს ქვეყნის ეკონომიკური ინსტიტუციების სიძლიერეს, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ეკონომიკურ მდგრადობაში. 

სარეიტინგო კომპანია ასევე ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ თანამშრომლობაზე, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეიტინგის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორს წარმოადგენს. მხარდამჭერ ფაქტორებად სააგენტო ასევე ძლიერი ფისკალურ პოლიტიკას, სახელმწიფო ვალის სტაბილურ ან თანდათან შემცირებულ დონეს და ვალის მაღალ ხელმისაწვდომობას ასახელებს.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საინვესტიციო ხარისხთან, ე.წ. „საინვესტიციო რეიტინგთან" და, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე კი  საბოლოოდ იმას მივაღწიოთ, რომ მივიღოთ ეს საინვესტიციო ხარისხიც და საქართველოს ეკონომიკისთვის, საფინანსო სისტემისთვის ფინანსური რესურსები უფრო გაიაფდეს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ Moody's-ის  პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5.5%-ით გაიზრდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონეზე 5.0%-5.5%-ის ფარგლებში იქნება. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა რეალური ხელფასებისა და დასაქმების ზრდით იქნება გამოწვეული, რაც ზეგავლენას მოახდენს მოთხოვნის ზრდაზე.

„ეს ყველაფერი საბოლოოდ, თავის მხრივ კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ პროცესებს, ეკონომიკურ ზრდას", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები