ნარჩენების მართვის მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ ღონისძიებებს სექტორი დადებითად აფასებს.
ნარჩენების მართვის ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელი ბაკურ ხუნდაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა დაძლეულია და ნელ-ნელა მცირდება შავი ბაზრის წილი, რომელსაც ადრე 100% ეკავა.
„2022 წლის მარტამდე რეგულაცია არ მოქმედებდა და შავი ბაზრის დიდი პრობლემა იყო. 100%-ს აღწევდა მისი წილი, მცირდება ეტაპობრივად და გვინდა 0 %-მდე დავიყვანოთ.
სახელმწიფოები წლობით მუშაობენ ამ მიმართულებით, ჩვენ ერთი წლის წინ დავიწყეთ და ერთბაშად ვერ მოგვარდება პრობლემა, თუმცა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ბიზნესიც მზად არის ვალდებულებების შესასრულებლად.
საავტომობილო ზეთის შემთხვევაში ნარჩენს ბითუმის მწარმოებლები იბარებენ. არც საბურავების ჩაბარება არის პრობლემა, სუფთა თანამედროვე ტექნოლოგიებია, ნედლეულიც ჯერჯერობით საკმარისია. თუმცა ნარჩენის გადამუშავება ჯერ კიდევ პრობლემაა და როგორმე ესეც უნდა დავძლიოთ", - ამბობს ბაკურ ხუნდაძე.
მისი ინფორმაციით 1 კგ. აკუმულატორის ღირებულება 15 თეთრს შეადგენს, ზეთი 9 თეთრი, ხოლო 1 კგ საბურავის ფასი 9 თეთრია.
როგორც ბაკურ ხუნდაძე აღნიშნავს, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიო ნაკისრი ვალდებულება კარგად სრულდება და საქართველოში ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია.
რაც შეეხება გამოწვევას, ბაკურ ხუნდაძის განცხადებით, ლიცენზირებული გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირეა, რაც გლობალური პრობლემაა.
`ნარჩენების გადამუშავებას სჭირდება ქარხანა, რის ინფრასტრუქტურა საქართველოში არ არსებობს. რომც აშენდეს ქარხანა, მისი მასშტაბის ნედლეული არა მარტო საქართველოში, მთელ რეგიონში ვერ მოგროვდება, გლობალური პრობლემაა. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ჩვენ დიდ მასშტაბზე ვერ გავალთ. გერმანია რომ ავიღოთ, სადაც მსგავსი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, იქ მთელი ევროპის ნარჩენი გროვდება და მუშავდება, რაც საკმარისია. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას მოკლებული ვართ", - ამბობს ბაკურ ხუნდაძე Business Insider Georgia- თან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაცია 2022 წლის 3 მარტს შეიქმნა. ამ ეტაპზე ასოციაციაში 200-ზე მეტი წევრია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში