სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ნაწილი თბილისის პოლიციის სამმართველოში მოინახულა.
„ყველა დაკავებული მოვინახულე, ვინც აქ იმყოფება. 25 ადამიანი არის დაკავებული, რომელიც აქ არის და ყველა მათგანთან მქონდა პირისპირ საუბარი, მოვისმინე იმ გარემოებების შესახებ, რა პირობებშიც მათი დაკავება მოხდა. რამდენიმე მათგანს გარეგნული დაზიანება აღენიშნება. ყველამ განაცხადა, რომ ექიმთან გაიარეს კონსულტაცია და ექიმმა მოინახულა ისინი, ამას გარდა, რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ აბსოლუტურად გაურკვეველ პირობებში იყვნენ დაკავებული, მოულოდნელად, რადგან საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ იმ აქციასთან, ერთმა საერთოდ გამვლელი ვიყავიო, თქვა - მტაცეს ხელი და მანქანაში ჩამსვესო.
ყველა დაკავებულს პირადად გავესაუბრე, ყველა დაკავებულმა პირადად აღმიწერა რა გარემოებებში მოხდა მათი დაკავება. იქ არიან ადამიანები, რომელთაც საერთოდ აქციასთან კავშირი არ ჰქონდათ“, - განაცხადა იოსელიანმა.
შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი