USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საფუტკრეების რეგისტრაცია ხელს შეუწყობს ფუტკრის დედის ექსპორტს - მიხეილ სოხაძე

საფუტკრეების რეგისტრაცია ხელს შეუწყობს ფუტკრის დედის ექსპორტს - მიხეილ სოხაძე

2023-04-12 19:20:03

FAO-ს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაცია, ხელს შეუწყობს საქართველოდან ფუტკრის დედის ექსპორტს.  

2023 წლის 1-ელი იანვრიდან საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. კერძოდ კი რეგისტრაციის გარეშე იკრძალება ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, ყიდვა-გაყიდვა და პროდუქტის რეალიზაცია. 

„ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ბაზარზეა განთავსებული, განსაკუთრებით კი ცხოველური წარმოშობის მიკვლევადი უნდა იყოს. ეს პროცესი სახელმწიფომ 2012 წელს დაიწყო მსხვილფეხა პირუტყვზე, ამას მოჰყვა წვრილფეხა პირუტყვიც, ცხვარი და თხა.

ახლა უკვე საფუტკრეებიც უნდა აღირიცხოს და სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს კონტროლს. სურსათის უვნებლობის მთავარი გამოწვევაა კონტროლი ფერმიდან სუფრამდე.

საფუტკრეების რეგისტრაცია 2023 წლიდან დაიწყო, რაც სავალდებულოა და ეს პროცესი გაგრძელდება. ათეულობით საფუტკრე უკვე რეგისტრირებულია“, - ამბობს სოხაძე.

მისივე თქმით, მეფუტკრეებმა თადარიგი უკვე დაიჭირეს, რადგან სავალდებულო რეგისტრაციის მნიშვნელობა კარგად ესმით.

„იმპორტიორი ყოველთვის ითხოვს რომ ის პროდუქტი, რომელიც ქვეყნიდან გადის სახელმწიფოს მიერ იყოს სერტიფიცირებული. თაფლზე იმდენად არა, რამდენადაც ეს სჭირდება დედა ფუტკარს. ფუტკრის სერტიფიცირება უფრო რთულია და სახელმწიფოსაც მეტი მოთხოვნები აქვს. იდენტიფიკაცია რეგისტრაციის სისტემა საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს ფუტკრის სამყოფელი, სკების გადაადგილება და მათზე ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებები“, - ამბობს სოხაძე.

საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას სურსათის უვნებლობის სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

როგორ ხდება საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაცია: 

„პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმართოს სააგენტოს.

რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შემთხვევაში პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიმართოს სააგენტოს 7 დღის ვადაში. 

პასუხისმგებელმა პირმა ფუტკრის ოჯახების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა აცნობოს სააგენტოს ყოველი წლის: ა) 30 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით არსებული რაოდენობის შესახებ − არაუგვიანეს 30 აპრილისა; ბ) 30 აპრილიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით არსებული რაოდენობის შესახებ − არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა.

ფუტკრის იდენტიფიკაცია

ფუტკრის იდენტიფიკაცია ხდება ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომრით, რომელიც ენიჭება ფუტკრის ოჯახს, ერთი სკის ფარგლებში. 

ფუტკრის იდენტიფიკაციას ახდენს პასუხისმგებელი პირი ან მომვლელი, სკის თვალსაჩინო ადგილზე საფუტკრე მეურნეობის სარეგისტრაციო ნომრისა და ფუტკრის ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით.

იმ შემთხვევაში, თუ სკაში იმყოფება რამდენიმე ფუტკრის ოჯახი, ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომრის შემდეგ ემატება ტირე და რიცხვი, რომელიც შეესაბამება სკაში არსებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობას.

სარეგისტრაციო და საინდენტიფიკაციო ნომრები სკაზე დაიტანება საღებავით, დადამღვით, მუდმივი ლამინირებული სტიკერით ან ნომრიანი აბრით, რომელიც უნდა იძლეოდეს სკაზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას და უნდა იქნეს დატანილი ისე, რომ არ მოხდეს მისი შეცვლა, სკების რაოდენობის ან/და პასუხისმგებელი პირის/მომვლელის ცვლილების მიუხედავად“, - ნათქმია სამთავრობო დადგენილებაში.

საქსტატის ონაცემებიით, 2023 წლის ორ თვეში საქართველოდან ცოცხალი ფუტკრების ექსპორტი არ განხორციელებულა. იმპორტი კი 41%-ით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით იანვარ-თებერვალში საქართველოში 0.20 ტონა ცოცხალი ფუტკრის იმპორტი განხორციელდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0.34 ტონის. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2023 წლის ორ თვეში საქართველოში სულ 2.98 ათასი დოლარი ცოცხალი ფუტკარი შემოვიდა. იმპორტის 100%-ი თურქეთიდან განხორციელდა.

ფუტკრის იმპორტის კუთხით რეკორდული 2021 წელი იყო, რა დროსაც ქვეყანაში 152.80 ათასი დოლარის ღირებულების 14.63 ტონა ცოცხალი ფუტკრის იმპორტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება გასულ წელს ქვეყანაში სულ 6.07 ტონა ცოცხალი ფუტკარი შემოვიდა, რისთვისაც ქვეყნიდან 61.45 ათასი დოლარი გავიდა.

2022 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ცოცხალი ფუტკრის 95%-ი თურქეთზე მოდის, ხოლო დანარჩენი უკრაინასა და ბელგიაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფუტკრების იმპორტი 2013 წლიდან ფიქსირდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები