USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სადაც 10 ადამიანია საჭირო, მათ მოვალეობას 5 ასრულებს - შოთა ბურჯანაძე ჰორეკა სექტორში კადრების დეფიციტზე

სადაც 10 ადამიანია საჭირო, მათ მოვალეობას 5 ასრულებს - შოთა ბურჯანაძე ჰორეკა სექტორში კადრების დეფიციტზე

2023-11-02 12:00:30

სადაც 10 ადამიანია საჭირო, მათ მოვალეობას 5 ასრულებს და პრობლემა ასე გვარდება. ეს ვითარება რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ ჰორეკა სექტორში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან საუბრისას საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს.

ამასთან, ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში პრობლემის გადაჭრა წარმოუდგენელია, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს.

„დღეს ქვეყნიდან გადის მუშახელი, რომელიც შესაძლებელია სხვა და სხვა სფეროში დასაქმდეს. იმის მიუხედავად რომ რეალურად არის ეკონომიკური ზრდა, რიგი სფეროები ვითარდება და მუშახელზე მოთხოვნაც ავტომატურად ჩნდება დასაქმების მსურველების კვალიფიკაცია დაბალია და ბაზრის მოთხოვნებს ვერ პასუხობს“, - ამბობს ბურჯანაძე.

რაც შეეხება უცხოეთიდან მუშახელის შემოყვანის საკითხს, მისი თქმით, ამ თემას ჰორეკა სექტორი აქტიურად განიხილავს.

„ეს საკითხი ასე მარტივად არ წყდება. როდესაც ჩვენი ქვეყანაში ჰორეკა სექტორში არსებული ანაზღაურება მიმზიდველი იქნება სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ეს პრობლემა თავისით დარეგულირდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით საქართველოს სახელფასო ბიუჯეტი ვერ შეედრება ევროპულს და შესაბამისად მოთხოვნა უფრო ნაკლებია საქართველოში დასაქმებაზე, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ჰორეკა სექტორში კადრების შენარჩუნებისა და ახალი მუშახელის მოზიდვის მიზნით ხელფასების ზრდა, შოთა ბურჯანაძე ასე პასუხობს: „ხელფასების ზრდის ან კლების კუთხით შედეგი აუცილებლად აისახება მომხმარებელზე. შეუძლებელია ხელფასების იმაზე მეტით გაზრდა ვიდრე არის მოთხოვნა. ეს გაზრდის სერვისის ფასებს და შემდეგ აისახება მომხმარებელზე. ეს არის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც მარტივადაა რეგულირებადი. თუ ჰორეკა სექტორში დასაქმებულებს ხელფასი არ ჰყოფნით, ისინი სხვა სფეროში გადადიან. ბაზარი განსაზღვრავს იმ ხელფასს, რომლის გაცემაც ამ ბიზნესს შეუძლია. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ COVID19-ის პანდემიის შემდეგ ჰორეკა სექტორში სახელფასო ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისი თქმით, დღეს ჰორეკა სექტორში ხელფასების გაცემის პრობლემა არ დგას გარდა იმ ობიექტებისა სადაც ბიზნესის მართვასა და დასაქმებულთა მიმართებით არასწორი პოლიტიკაა. „ასეთი ობიექტებიდან დასაქმებულთა გადინება ყოველთვის მოხდება“, - ამბობს ბურჯანაძე.

საქსტატის მონაცემებით, კატეგორიაში (განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები) 2022 წელს 42 600 ადამიანი იყო დასაქმებული. 2019 წელს, პანდემიამდე ამ სექტორში 48 800 ადამიანი მუშაობდა. 2020-2021 წლებში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 36 000-მდე და 33 000-მდე შემცირდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები