USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი შენობაა კარგი - საბჭოური, გარდამავალი ეტაპის, თუ თანამედროვე

რომელი შენობაა კარგი - საბჭოური, გარდამავალი ეტაპის, თუ თანამედროვე

2023-03-11 15:00:16

რეგიონში გააქტიურებული მიწისძვრების ფონზე, საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება სეისმომდგრადობის საკითხი: რომელია მყარი შენობები, რამდენ ბალიან დატვირთვას გაუძლებს თბილისი და რამდენად გარანტირებულია ცათამბჯენების უსაფრთხოება, რომელიც ბოლო წლებში, თანამედროვე მშენებლობაში ერთ-ერთ ჩამოყალიბებულ ტრენდად მიიჩნევა.

კომპანია ,,აი ჯი ეს ჯგუფის“ ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ხარისხის მიმართ საბჭოთა და თანამედროვე მშენებლებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, თუმცა საერთოა მიდგომა - ხარისხი რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებს შეესაბამებოდეს.

ბევრი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებით,  რომელი შენობაა კარგი - საბჭოური, გარდამავალი ეტაპის თუ თანამედროვე?

პირველ რიგში,  უნდა დაზუსტდეს, რას ვეძახით ხარისხს. საბჭოთა კავშირის დროს ხარისხი, მაგალითად ე.წ. „ხრუშოვკის“ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინის გარკვეულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ  მას ჰქონდა  რეგლამენტი -  ინსტრუქციული გათვლები, ანგარიშები, არმატურისა და ბეტონის მარკიანობა და თანაფარდობის, ასევე საძირკვლის ტიპის მოწყობის განსაზღვრა, რომელსაც ყველა ითვალისწინებდა. კონსტრუქციული მდგრადობის მინიმალური  რეგლამენტი მაღალ დონეზე იყო.

არის მოსაზრება, რომ საბჭოთა პერიოდში ნაშენები სჯობს ახალს, ვინაიდან მაშინ ხარისხიანი ბინები შენდებოდა. ეს არის საკითხის არასწორი ხედვა. მაშინ უფრო მეტად იყო კორუფცია, მაგრამ ამავე დროს ხარისხთან დაკავშირებით კონტროლის ძლიერი მექანიზმიც არსებობდა“, - ამბობს შოთა გუჯაბიძე. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი საუბრობს იმ რისკზეც, რაც საბჭოთა დროინდელ შენობაში ცხოვრებას უკავშირდება და ამბობს, რომ აუცილებელია კორპუსების მოვლა-შენახვა, რომლის ორგანიზებაც ბინათმფლობელებისგან შემდგარი ამხანაგობების ვალდებულება უნდა იყოს.

„ბოლო საბჭოთა კორპუსის აშენებიდან 40 წელი გავიდა (ძირითადად 80-იან წლებში იქმნებოდა). მათი ექსპლუატაციის ვადის ნახევარზე მეტი გასულია. იმასაც გააჩნია, როცა ხარისხზე ვსაუბრობთ. ამიტომ ამხანაგობამ ფასადსაც უნდა მოუაროს, ჰიდრო და სხვა სახის იზოლაცია გაუკეთოს. ის, რომ საბჭოთა შენობები ცალსახად ცუდია ან ცალსახად კარგი, ამის თქმა ძნელია. რა სტანდარტსაც ის თავის დროზე აკმაყოფილებდა, ნორმალური და მისაღები იყო. რაც დღეს შენდება, მათ შორის ცათამბჯენები, არ მგონია, სტანდარტს არ აკმაყოფილებდეს. ათასობით მშენებლობაზე ვარ ნამყოფი და მშენებლობის პროცესში, ყველა დეტალი გავლილი მაქვს, მაგრამ არ მსმენია, რომელიმე შენობას პრობლემა შექმნოდა, დანგრეული ან დანგრევის პირას იყოს.  მინიმალური სტანდარტი დღესაც დაცულია თბილისში. ზომების გამკაცრებას მოჰყვება ის, რომ ხარისხი მოიმატებს“, - ამბობს შოთა გუჯაბიძე და დასძენს, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევიდან პირველი 5 წელი გარკვეული სტანდარტიზაციის დაცვა და ძველი ნორმატივის მოქმედება ჯერ კიდევ ხდებოდა.

შემდგომ უკვე გარკვეული პერიოდი, 1997 წლიდან 2005-2007 წლამდე  (2008 წელი ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც გარდამტეხი იყო) შედარებით,  მაგრამ ნაკლებად ხარისხიანი ბინები შენდებოდა, მაგრამ კატასტროფის შემცველი. არ არის.

,,ყოველ შემთხვევაში, არავის შეუმოწმებია ეს კორპუსები და გასაშუალოებული სტატისტიკური მაჩვენებელი არ გამოგვიყვანია. სამშენებლო კუთხით ამ საკითხის ეკონომიკური ხედვის ჰიპოთეზურ მოსაზრებაზე ვსაუბრობთ. აღნიშნულ პერიოდში, როცა თბილისში მშენებლობის ტალღა გაჩნდა, არ იყო საკანონმდებლო ბაზა, რათა ეს არქიტექტურული ნორმა და წესები ქართული რეალობისთვის შეესაბამებინათ. შეიძლება, მშენებელ-ინჟინრებს უფრო მეტი ლავირების საშუალებაც ჰქონდათ, მაგრამ ეს არ არის იმ დონის, რომ  კატასტროფა გამოიწვიოს. სიტუაციურ გადაცდომებზეა საუბარი. როცა ამბობენ, რომ თბილისი ინგრევა, თითიდან გამოწოვილი ამბავია, ასეთი ,,დასკვნა“ არანაირ კვლევას არ ემყარება“, - დასძენს გუჯაბიძე Business Insider Georgia-თან.

რაც შეეხება მშენებლობის ტიპებს, მისივე შეფასებით, კარკასული ტიპის მშენებლობა რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაღალი მდგრადობით გამოირჩევა, მაგრამ ამასთან ახასიათებს მაღალი დანახარჯი, მაღალი წონა და  სხვა, რაც  მშენებლობის, ბიზნესისა და საცხოვრისის  მხრივ ყოველთვის ეფექტური არ არის.

შენებისას უნდა განისაზღვროს მიზნობრიობა, რისთვის ვაშენებთ, რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, რის საფუძველზე განისაზღვრება მინიმალური უსაფრთხოების ზღვარი, კონსტრუქციული ტიპი და ამის შემდეგ კონსტრუქტორი აგებს კონსტრუქციულ ნახაზს, რაც სწორედ მდგრადობასთანაა დაკავშირებული. ეს არ არის არქიტექტურული დიზაინი, შენობის მდგრადობას ეხება“ - ამბობს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი.

განსხვავებული მოსაზრებისაა ,,მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე, რომლის შეფასებითაც, თბილისსა და რეგიონებში ცათამბჯენების მშენებლობა დიდი რისკის შემცველია.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი სტანდარტი სეისმომდგრადობასთან დაკავშირებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არც არაფერი შემოწმებულა. თბილისი დაპროექტებულია ისე, რომ გაუძლოს 8 ბალს, მაგრამ ესეც ხელახლა შესასწავლია, დასკვნები თავიდან უნდა მომზადდეს.

არსებობს კანონი, რომლის მიხედვით, შენობის კონსტრუქცია კანონში ჩადებულ მოთხოვნებს თუ არ აკმაყოფილებს, არ უნდა აშენდეს.  სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალური სართული 12-ს არ უნდა აღემატებოდეს, მერიამ ეს საკითხი უპირველეს დონეზე შესასრულებლად უნდა აიღოს. საფრთხე ნამდვილად არსებობს და ყველა შენობა შესამოწმებელია", - ამბობს ანზორ საკანდელიძე Business Insider Georgia– თან.

ცნობისთვის, 2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტში ევროკოდები შემოვა, რომელმაც სექტორი ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხოება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები