USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი იქნება კანდიდატის სტატუსის გავლენა ბიზნესზე - შეფასებები

როგორი იქნება კანდიდატის სტატუსის გავლენა ბიზნესზე - შეფასებები

2023-12-22 16:00:00

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი საქართველო ახლა ისე ახლოს არის საუკუნოვან ევროპულ ოცნებასთან როგორც არასდროს. ბრიუსელმა თბილისის მიერ ევროინტერგაციის გზაზე გადადმული ნაბიჯები მოიწონა, ქართველი ხალხის არჩევანი დააფასა და საქართველოს ნანატრი კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

პოლიტიკური აღიარება ეკონომიკური კონტექსტის გარეშე თითქმის არასოდეს არსებობს. ასეა ახლაც, ევროკავშირში წლებია გაწევრიანების წინა მხარდაჭერის (IPA) ინსტრუმენტი არსებობს, რომლითაც 27 წევრი სახელმწიფოს ერთობა კანდიდატ ქვეყნებსა და პოტენციურ კანდიდატებს მათი საზოგადოებების, სამართლებრივი სისტემებისა და ეკონომიკის ტრანსფორმაციაში ეხმარება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის ინვესტიცია ევროკავშირის მომავალში, რაც ევროპას უფრო უსაფრთხოსა და ეკონომიკურად ძლიერს ხდის უახლოესი მეზობელი ქვეყნების სტაბილურობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერით.

„გაწევრიანების წინა მხარდაჭერის ინსტრუმენტი ევროკავშირს ეხმარება მიაღწიოს ისეთ მიზნებს, როგორიცაა მშვიდობა და სტაბილურობა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა. გარდა ამისა, ხელს უწყობს პოლიტიკურ, ინსტიტუციურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და აახლოებს საზოგადოებებს ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“, - ამბობს Busienss Insider Georgia-სთან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა.

ევროკავშირი- საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ევროკავშირი საქართველოში ამ ეტაპზე 160-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მლნ ევროს შეადგენს. გიორგი კაჭარავა ვარაუდობს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ, გაწევრიანების წინა მხარდაჭერის ინსტრუმენტის ფარგლებში, ეს მხარდაჭერა კიდევ გაიზრდება.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რა მოლოდინები აქვს ქართულ ბიზნესს, რა ახალ შესაძლებლობებს უხსნის მათ ევროპული აღიარება? Business Insider Georgia ამის გარკვევას თავად სექტორის წარმომადგენლებთან შეეცადა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე გვეუბნება, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ინვესტორების განწყობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ამ მოცემულობაში საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო ქვეყანა ხდება.

„ამის ბევრი მაგალითია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, როდესაც სტატუსის მინიჭების შემდეგ მათ მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი რამდენჯერმე გაიზარდა. ამიტომაც ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში საქართველო ევროპელი ინვესტორების გეგმებში უფრო მარტივად მოხვდება“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ამას გარდა, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსი ხელს შეუწყობს კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდას, ეს კი თავის მხრივ ქართულ კომპანიებს ფინანსრურ რესურსებზე წვდომას გაუმარტივებს.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რისკ პრემიუმის კალათებში ბოლო პოზიციებზე ვართ, თუკი თუნდაც ერთი საფეხურით წინ წავიწევთ ეს ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რადგან როცა ქვეყნის რისკ პრემიუმი მცირდება, ეს ნიშნავს რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ადგილობრივი საფინანსო ინსტიტურებისთვის შეამცირებენ სარგებელს იმ თანხებზე, რომელსაც მიაწვდიან, თავის მხრივ კი ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები შედარებით იაფად გასცემენ ფინანსურ რესურსებს ადგილობრივი ბაზრისთვის.  ეს კი ბიზნესის წახალისებისთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ მეტი სარგებლის მიღების გზაზე ქართულ ბიზნესს სახელმწიფოსგან ერთადერთი ხელშეწყობა სჭირდება - ქვეყანამ თანამიმდევრულად გააგრძელოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგარეო კურსი. „ბიზნესი თავის თავს მიხედავს“ - აცხადებს ვეფხვაძე.

ბიზნეს ასოციაციის პარალელურად, მოლოდინები პოზიტიური აქვთ ცალკეულ კომპანიებსაც. სამშენებლო კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორი გვეუბნება, რომ სტატუსის მიღება საქართველოში საინვესტიციო გარემოს წახალისებას უზრუნვეყოფს. შიო ხეცურიანს სჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერსს გაზრდის.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაინერგება ევროპული სტანდარტები მშენებლობისა და ხარისხის მიმართულებით. გაჩნდება მოთხოვნა ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებაზე. არქი ამ მხრივ ყოველთვის უსწრებდა რეგულაციებს. ჩვენ წლებია მშენებლობაში ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს ვიყენებთ და პროექტებში უმაღლეს დონეზე გვაქვს უსაფრთხოება დაცული. საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის უფრო მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსები შეიქმნება“ -  განუცხადა Business Insider Georgia-ს „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.

კანდიდატობის სტატუსის პარალელურად რეფორმებში თანმიმდევრულობის აუცილებლობაზე საუბრობს კომპანია „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი, ილია ენუქაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომის შემთხვევაში საქართველოს ბიზნესგარემოსა და ქართული კომპანიების სანდოობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„რაც უფრო მეტი კომპანია დაუახლოვებს ბიზნესსაქმიანობას ევროკავშირის სტანდარტებს, მით მეტად გაიზრდება ეკონომიკის და კომერციის მასშტაბები.  ევროკავშირთან ინტეგრაციის და ჰარმონიზაციის პროცესი სტატუსის მიღებამდე ბევრად ადრე დაიწყეს ცალკეულმა კომპანიებმა. მათ შორისაა „სილქნეტი“. კომპანიის მიერ გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა, საერთაშორისო ინსტიტუციების აღიარება მოუტანა „სილქნეტ“ს, როგორც ტექნოლოგიური განვითარების, ისე ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი.

ილია ენუქაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „სილქნეტმა“ თბილისის ცენტრალურ უბნებში 5G ტექნოლოგიის გაშვება დაუკავშირა. 

სილქნეტი ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე  და ახლაც პირველია, ვინც მომავლის ტექნოლოგიებს ნერგავს მომხმარებლისთვის, ის რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ორი დღის წინ კი,  მსოფლიო ბანკისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის (RSF)  მიერ დაწესებული ჯილდო BARTA 2023 მიენიჭა სილქნეტს - საუკეთესო წლიური ანგარიშისდა გამჭვირვალობისთვის. ასეთი აღიარება   ზრდის კომპანიის მდგრადობ“, - აცხადებს ილია ენუქაშვილი.

„სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი ჩვენთან ინტერვიუში არ მალავს, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროკავშირთან რეგულაციების ჰარმონიზაციის პროცესი ხარვეზების გარეშე არ მიმდინარეობს.  თუმცა ენუქაშვილი დარწმუნებულია, რომ სექტორი და ზოგადად ქართული ეკონომიკა გაცილებით მეტად მიმზიდველი იქნება ინვესტიციებისთვის, თუ ქვეყანას ჭეშმარიტად ევროპულის მსგავსი საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები ექნება.

ევროპული მომავლის გზაზე წინ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპია, ეს კი საქართველოსგან დამატებით ნაბიჯებს ითხოვს, ნაბიჯებს რომელიც ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს! ამისთვის კი საქართველოს წინ სრული ერთი წელი აქვს.

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები