ახლად გახსნილი სასტუმრო Rooms Batumi-ს დატვირთულობით Rooms Hotel-ის მენეჯმენტი კმაყოფილია და ზაფხულის მაღალ სეზონზე ნომრების დამატების პარალელურად სტუმრების ზრდის მოლოდინიც აქვს.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა, ბათუმის Rooms-მა სტუმრების მიღება 15 სექტემბრიდან დაიწყო და კარგი იქნება თუ მომავალ ზაფხულამდე მისი დატვირთულობა 40%-მდე იქნება.
„სასტუმრო გაიხსნა 15 სექტემბერს, მაშინ როდესაც ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე დასრულებული იყო. Rooms-ი თვითონ ბრენდი ძალიან პოპულარულია და აინტერესებთ, როგორია Rooms Batumi . სექტემბერში მიუხედავად იმისა, რომ თვის მეორე ნახევარში გავიხსენით, 52%-იანი დატვირთულობა გვქონდა. ოქტომბერში Rooms Batumi-ს 42%-იანი დატვირთულობა ჰქონდა, ნოემბერში 39%-იანი. ვაზუსტებ, რომ ამ მონაცემებს მე გახსნილი 70 ნომრიდან ვიძახი. Rooms Batumi საკმაოდ დატვირთულია Weekend-ზე. რადგანაც თბილისიდანაც აქტიურად ჩამოდიან. დეკემბერში ველოდებით, რომ ასევე 40%-მდე დატვირთულობას და მიგვაჩნია, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე ყოველთვიურად 40%-იან დატვირთულობას შევინარჩუნებთ, რაც არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე რეალურია, ხოლო ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კი სასტუმრო ნომრების დამატებასთან ერთად დატვირთულობასაც მარტივად გავზრდით“, აცხადებს ჩეხერია
მისივე განმარტებით, აუზი გაიხსნება გაზაფხულზევე მოხდება, როგორც კი ბათუმში შესაბამისი ტემპერატურა იქნება.
„Rooms Batumi არის ძალიან ლამაზი სასტუმრო და ჯერჯერობით სტუმრების მისაღებად 70 ნომერი გაქვს გახსნილი. ვინაიდან სასტუმრო დაბალ სეზონზე გავხსენით, ამიტომ ყველა ნომერი არ გავხსენით. თუმცა, როდესაც სასტუმრო სრულად გაიხსნება გვექნება 120 ნომერი. სასტუმროს ექნება ასევე სეზონური ღია აუზი, რომელიც სასტუმროს ბოლო სართულზეა. იქვე არის ასევე რესტორანი განთავსებული, რომელიც ასევე იქნება სეზონური.
სასტუმროს აქვს ძალიან ლამაზი 2 საკონფერენციო დარბაზი და საივენთო სივრცეები. გვაქვს ძალიან საინტერესო ბარი და პირველ სართულზე გაქვს „დაინერი“, რომელიც ღიაა მთელი დღის განმავლობაში, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ამერიკულ-ქართული დაინერები“, - აცხადებს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ჩეხერიას განმარტებით, ზამთრის სეზონზე Rooms Batumi-ს სტუმრები ძირითადად ქართველები არიან, უცხოელებისგან ჯავშნები მცირეა.
„უცხოეთიდან ჯერჯერობით ცოტა ჯავშანი გაქვს. Rooms-ის ყველა სასტუმრო არის Design Hotels-ის წევრი და როდესაც Rooms Kazbegi -ს და Rooms Tbilisi-ს ჯავშნიან მერე გადმოდიან Rooms Batumi-ზე და ძირითადად ამ გზით მიღებული ჯავშნები გაქვს. პირდაპირ რომ განვსაზღვროთ Rooms Batumi-ზე რა მოთხოვნაა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. ქართველებიდან ინტერესი და ჯავშნები საკმაოდ არის, ანუ ქართული სეგმენტი აქტიურია“, - ამბობს ჩეხერია.
რაც შეეხება სასტუმროში განთავსების ტარიფებს, სეზონურად განსხვავებული იქნება, თუმცა Rooms Hotel-ის გათვლებით საშუალო ფასი 165 დოლარიდან იქნება. სასტუმროში ორი ტიპის სასტუმრო ნომრებია, არის მაღალი კატეგორიის ნომრები და ასევე ახალგაზრდებზე მორგებული, ცოტა ბიუჯეტური ნომრები.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში