კიდევ ერთ ტყუილს გამოვეხმაურები - ახალ ბრალდებაში ახსენეს იტალიური კომპანია, რომელიც თითქოს ჩვენ დავიწუნეთ გვირაბის გაყვანის მეთოდოლოგიის გამო. სატენდერო დოკუმენტაციაში და განვითარების ყველა ეტაპზე გვირაბების გაყვანა გათვალისწინებული იყო ახალი ავსტრიული გვირაბის გაყვანის, ე.წ. NATM მეთოდით, ბურღვა-აფეთქებით. ეს მეთოდოლოგია არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ხსენებულ იტალიურ კომპანიასთან, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება 2018 წელს შეწყდა.
„2022 წელს მათთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაც მოვიგეთ. დავის ფარგლებში სახელმწიფოს დაუბრუნდა 70 მილიონი ლარი, რომელიც ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში. 30 მილიონი ლარის ანაზღაურებაზე აღსრულების პროცესი ახლაც მიმდინარეობს.
სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან არ სრულდება ზეპირი ბრალდებები და ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის ნაცვლად, უკვე პირად შეურაცხყოფებს ვისმენთ.
ეს სწორედ იმის დასტურია, რომ არგუმენტებითა და ფაქტებით მსჯელობა სულ უფრო უჭირთ. თუმცა, ამ კამპანიური შეტევის ყველაზე ცუდი შედეგი არის რიკოთის გზასთან მიმართებაში მოსახლეობაში შიშის გაჩენა. ამიტომ, როგორც უკვე გითხარით, თქვენი სიმშვიდისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილს, რათა დარწმუნდეთ, რომ რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა იქნება სრულიად უსაფრთხო, კომფორტული და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ისე ქვეყანას, დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება