ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს სატრანზირო მიმართულებით. ეს არის ჩვენი ბუნებრივი მდებარეობა და შესაბამისად, ამას გამოყენება სჭირდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „თბილისის დრაი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილმა განუცხადა.
„აუცილებელია განხორციელდეს ინვესტიციები, როგორც სანავსადგურო ინფრასტრუქტურაში, ისე რკინიგზაში, გზების მშენებლობაზე, აეროპორტებში და ა.შ. იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად ვიქცეთ ლოგისტიკურ ჰაბად ამისთვის გვჭირდება ინვესტიციები. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტულები.
რა თქმა უნდა არსებობს ალტერნატივები და ჩვენ უნდა შევძლოთ სწრაფად და კონკურენტულ ფასებში მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი, რომელიც ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან ცენტრალურ აზიისკენ მიემართება, ასევე ის დიდი რაოდენობა იმ ტვირთებისა, რომელიც ცენტრალური აზიიდან ექსპორტზე გადის.
რეალურია ის მოლოდინები რომელიც გაჩნდა და ჩვენი შესაძლებლობები სატრანზიტო თვალსაზრისით უფრო მეტად გაიზარდა, მაგრამ ჩვენ ზოგიერთ შემთხვევაში არ ვართ მზად ამისთვის. საჭიროა ინვესტიციები, ეს იქნება ანაკლიის ნავსადგური, ან იგივე ფოთის პორტში ახალი ნავსადგურის მშენებლობა.
ფოთს აქვს პოტენციალი ზუსტად იგივე სიმძლავრის, იგივე სიღრმეებისა და იგივე ფუნქციის მატარებელი იყოს პორტის ახალი ნავსადგური. ეს პროექტი ძველია, ჩემი მუშაობის დროს იაპონიის მთავრობამ დააფინანსა. არსებობს პროექტი და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იყოს რეალიზებული“, -განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 59%-მდეა გაზრდილი.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.
კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასულ წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128,055 მლნ ლარი შევიდა, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.
შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.
იგივე თემაზე:
საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი აქტუალურია, ტრაილერების ტრანზიტიდან შემოსავალი 59%-მდეა გაზრდილი
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში