უახლოეს პერიოდში სიმძლავრის მეორე აუქციონის გამოცხადება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, დაგეგმილია ასევე 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი თბოელექტროსადგურის - „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში. თბოსადგურის ასაშენებლად ინვესტორი აუქციონის გზით შეირჩევა.
როგორც ცნობილია მიმდინარე წელს დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის ფარგლებში ჩატარდა 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის პირველი აუქციონი, სადაც კერძო სექტორის მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა.
სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ საქართველოში.
„ამ პროექტების განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება ჯამურად 1,1407 მლრდ. კვტ სთ. ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბოსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წელს იქნა მიღებული. თავდაპირველად გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, დღის წესრიგში უფრო მაღალი სიმძლავრის (350-430 მგვტ) თბოელექტროსადგურის უახლოეს მომავალში მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხი დადგა. ბოლო მონაცემებით კი პროექტის მშენებლობაზე წინადადებების წარდგენის ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება. კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია მშენებლობის პროცესისთვის საჭირო პერსონალის მინიმუმ 50% საქართველოს მოქალაქეებით დააკომპლექტოს.
ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც უფრო საიმედოს გახდის ენერგოსისტემის ფუნქციონირებას: მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში