წამლებზე რეფერენტული ფასის შემოღებით ინფლაციური წნეხი შესაძლოა, მხოლოდ უმნიშვნელოდ შემსუბუქდეს.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ამით ინფლაცია 1%-მდეც ვერ შემცირდება, თუმცა ცვლილება მოწყვლადი ჯგუფისთვის უდავოდ დადებითი ეფექტის მომტანია და საგრძნობლად აისახება იმ მოქალაქეების შემოსავლებზე, რომლებიც მედიკამენტების აქტიური მომხმარებლები არიან.
,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ეკონომისტი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ დადებითი ეფექტი ინფლაციის სტატიკურ მაჩვენებლებში 0,30-0,35% -ს ვერ გადააჭარბებს.
,,ინფლაციაზე წამლებზე რეფერენტული ფასის შემოღება საგრძნობ გავლენას ვერ მოახდენს, პროცენტულად თუ განვსაზღვრავთ სარგებელს, ინფლაციას 1%-მდეც კი ვერ შეამცირებს ანუ სხვაობა იქნება უმნიშვნელო. დადებითი ეფექტი 0,30-0,35% -ს ვერ გადააჭარბებს, რასაც ლოგიკური ახსნა აქვს. ზოგადად მოწყვლადი ფენებისთვის, რომლებსაც წამლები ესაჭიროებათ რეფერენტული მედიკამენტების შემოღება დიდი შვებაა. მათ ეცოდინებათ, რომ ფასი რეგულირდება ბაზარზე, თუმცა ამ შემთხვევაში საფრთხეა, რომ ზოგიერთი ხარისხიანი მედიკამენტი უხარისხოთი ჩანაცვლდეს. შესაბამისად, ეფექტი ნაკლები იქნება, ეს რისკი არსებობს. ზოგადად მედიკამენტების ხვედრითი წონა ინფლაციაში არის ძალიან მცირე, მით უმეტეს, რეფერენტული წამლების სიაში ყველა მედიკამენტი არ შედის, ამიტომ ცვლილება ინფლაციის მიმართულებით დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს“, - განმარტავს გერლიანი Business Insider Georgia-სთან.
ეკონომისტის გათვლით, წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესება მოწყვლადი ჯგუფისთვის, განსაკუთრებით პენსიონერებისთვის, ხარჯს საშუალოდ 70-100 ლარის ფარგლებში შეამცირებს.
,,ვისაც წამლები სჭირდება, მოწყვლადი ჯგუფი - პენსიონერები, ავადმყოფები, შშმ პირები, ფარმაცევტული ბაზრის ცვლილება მათ შემოსავლებზე ზეგავლენას ნამდვილად მოახდენს, ეს შეიძლება იყოს 1-2%-ის ფარგლებში, ვინაიდან ყველა პენსიონერს ისედაც აქვს შესაძლებლობა, საპენსიო ბარათიდან გამომდინარე, ისარგებლოს 30-35%-იანი ფასდაკლებით, შესაბამისად, ამ მიმართულებით დიდ ეფექტს ვერ ვხედავ. თუმცა დადებით ტენდენციას შექმნის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მუდმივად მოიხმარს წამლებს, მათ ინდივიდუალურ სამომხმარებლო კალათაში მედიკამენტების ხარჯი საგრძნობლად შემცირდება, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 70-100 ლარის ფარგლებში, რაც შეღავათი ნამდვილად არის“, - დასძენს რამაზ გერლიანი.
ცნობისთვის, წამლებზე რეფერენტული ფასი პირველი იანვრიდან მოქმედებს და 1200-მდე დასახელების წამლის ეტაპობრივად გაიაფებას გულისხმობს. ცვლილება პირველ რიგში ონკოლოგიურ და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე ვრცელდება.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტები დაახლოებით 40%-ით გაიაფდება.
რაც შეეხება ინფლაციას, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემით, 2023 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4% შეადგინა, ხოლო 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 0.8%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასების სისტემა ამოქმედდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება