საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში გამართა.
25 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, გელზენკირხენში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის კითხვებს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ჩვენთვის აქ ყოფნა უკვე დიდი გამარჯვებაა. თუმცა, ადამიანს ყოველთვის მეტი სურს და ჩვენც ასე ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ოცნება გაგრძელდეს. პორტუგალია შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ბევრი უმაღლესი კლასის მოთამაშე ჰყავს. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა მცირე შანსი თუ არსებობს, თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს მის გამოსაყენებლად.
ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია. თურქეთთან მიეცა სათამაშო დრო, თუმცა ჩეხეთთან შეხვედრაში სხვა არჩევანი გავაკეთე. გადაწყვეტილებას ყოველთვის საფეხბურთო ფაქტორებიდან გამომდინარე ვიღებ. 6-7 თვის წინ ბევრი მაკრიტიკებდა, როდესაც მიქაუტაძე თადარიგში იყო და ბუდუ თამაშობდა, ახლა კი პირიქითაა. მწვრთნელი ვარ და ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემს გადაწყვეტილებებს არასაფეხბურთო ფაქტორებს უკავშირებენ. მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია ვინ ითამაშებს და ვინ არა.
ფეხბურთელების ნაწილმა ორივე მატჩი სრულად ითამაშა და შედარებით უფრო მეტად არიან დაღლილები. თუმცა, ჩვენ 26 მოთამაშე გვყავს შემადგენლობაში. ახალი ენერგიისთვის და მეტი დინამიკისთვის გუნდს გარკვეული ცვლილებები დასჭირდება, თუმცა მთელი შემადგენლობის შეცვლას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ“.
ხვიჩა კვარაცხელია (ეროვნული ნაკრების წევრი): "მაქსიმალურად ვემზადებით და კონცენტრირებულები ვართ პორტუგალიასთან თამაშებზე. განვლილ მატჩებში მეტს ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია და უნდა ვიფიქროთ შემდეგ თამაშზე.
ყოველთვის ვოცნებობდი კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშზე. მღელვარებას ნამდვილად არ ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ მის წინააღმდეგ მომიწევს თამაში და მოტივირებული ვარ. ოცნებები ხდება. იმედია, თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და მისი მაისურიც მე დამრჩება.
რთული თამაში გველის, მაგრამ ფსიქოლოგიურად და მოტივაციის მხრივ, ალბათ, უკეთეს მდგომარეობაში ვართ. მეტოქეს უკვე შესრულებული აქვს პლეი-ოფში გასვლის მიზანი. ეს მატჩი ჩვენთვის კარგი გამოცდილება იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის. ბევრს არც სჯეროდა, რომ აქ ვიქნებოდით, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ვართ და ჯგუფიდან გასვლაზე ვსაუბრობთ. ყველაფერი შესაძლებელია და მინიმალური შანსიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი ჩავდოთ ამ თამაშში და ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი მივამატოთ.
ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს სახელებს. გამოვდივართ მოსაგებად ყველა თამაშზე. ვიცით ჩვენი ამოცანა და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი წარმატების მისაღწევად. საქართველოს ნაკრები მოედანზე გამარჯვებისთვის გავა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშებს პორტუგალიის ნაკრებში“.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება