USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყულევის ტერმინალში სანქცირებული ტვირთი არ შემოსულა - შემოსავლების სამსახური

ყულევის ტერმინალში სანქცირებული ტვირთი არ შემოსულა - შემოსავლების სამსახური

2023-05-17 17:45:43

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის თაობაზე და განმარტავს შემდეგს: შპს "შავი ზღვის ტემინალში" ( ყულევის პორტი) არსებულ რეზერვუარებში ინახება ყაზახური და თურქმენული კომპანიის მიერ წარმოებული, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანიის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) მფლობელობაში არსებული ნავთობპროდუქტი (მაზუთი).

ყაზახური წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 11494.529 ტონას, ხოლო თურქმენული წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 36556.615 ტონას.

რაც შეეხება, ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, მისი რაოდენობა 8995.059 ტონას შეადგენს.

ზემოაღნიშნული ყაზახური და თურქმენული კომპანიების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ მიწოდებულ დროებითი შენახვის დეკლარაციებში მითითებულია გამომგზავნი ქვეყნის ექსპორტის დეკლარაციები, რომლებშიც წარმოშობის ქვეყნებად დაფიქსირებულია ყაზახეთი და თურქმენეთი, რაც დასტურდება მოწოდებული საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერთიფიკატებით.

რაც შეეხება, ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, კომპანიას აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირება არ განუხორციელებია და ასევე, არ მოუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად.

კომპანიის მომართვის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი განახორცილებს შესაბამისი კონტროლის ღონისძიებებს, როგორც საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის, ასევე სანქციების მიმართულებით. ამასთან აღვნიშნავთ, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შპს ,,შავი ზღვის ტერმინალში“ ამჟამად არის განთავსებული 600 სარკინიგზო ვაგონით მაზუთი.

ტერმინალის რეზერვუარებში განთავსებული მაზუთის გარდა, ყულევის პორტის სავაგონო პარკში დასაცლელად შემოსულია 65 ერთეული მაზუთით დატვირთული ვაგონი, საიდანაც 37 სარკინიგზო ვაგონი არის ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებული მაზუთი, ხოლო 28 ვაგონი ყაზახური წარმოშობის მაზუთით არის დატვირთული. აღნიშნული საქონლის მიმართაც, მფლობელ კომპანიებს შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირება ამ დრომდე არ განუხორციელებიათ.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით ტვირთების/კომპანიების/მფლობელების მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცადებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები