წლევანდელ სეზონზე ვაშლის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანიის ,,ტიროფონის ბაღების“ მოსავალი ექსპორტზე არ გავა.
სეზონის დაწყებამდე კომპანიის დამფუძნებელს, მეწარმე ზურაბ გოჯიაშვილს, რომელმაც მიმდინარე წელს დუბაიში ექსპორტზე ერთხელ უკვე გაიტანა ვაშლი, დიდი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ახლა ამბობს, რომ ექსპორტთან დაკავშირებული გეგმა შეიცვალა.
ზურაბ გოჯიაშვილის თქმით, მოსავლიანობის მხრივ გარკვეული პრობლემაა და გადაწყდა, ,,ტირიფონის ბაღების“ ხარისხიანი პროდუქტი ადგილზე გაიყიდოს.
„ჩვენი ვაშლი ერთხელ გავიდა დუბაიში ექსპორტზე. 20 ტონა პროდუქტი გავიტანეთ და სამწუხაროდ, ამას წელს გაგრძელება არ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ დუბაი პერსპექტივაში ძალიან საინტერესო ბაზარია. მთავარია მოსავლის მოყვანა ვისწავლოთ და ჭარბი პროდუქცია გვქონდეს.
აქ არის ორი მთავარი საკითხი - ექსპორტზე დიდი მოცულობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ წარმოების ზრდისა და ხარისხის შემთხვევაში. უნდა ვაღიაროთ, რომ წარმოების მაღალი მოცულობა საქართველოში ვაშლის სეგმენტში არ გვაქვს. წელს ვაშლის სეგმენტში პრობლემა უამინდობამ და მავნებლების გავრცელებამ გამოიწვია, რის წინაშეც ჩვენი კოლეგები აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ხარისხიც და რაოდენობაც გამოწვევაა“, - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.
მისი ინფორმაციით, ,,ტიროფონის ბაღების“ მოსავლიანობა წელს დაახლოებით 1200 ტონაზე მეტია, რაც წინა წლის მაჩვენებელს აღემატება.
ცნობისთვის, „ტირიფონის ბაღები“ ამ დროისათვის 31 ჰა ხეხილის ბაღს აერთიანებს, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო ბადით არის გადახურული, საიდანაც 2,7 ჰა-ზე მსხალია გაშენებული, ხოლო დანარჩენზე ვაშლი. კომპანიას აქვს ასევე, 30 ჰა აუთვისებელი მიწა.
„ტირიფონის ბაღები“ საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ვაშლის კომპანიაა, რომელსაც Global G.A.P. სერტიფიცირება აქვს გავლილი. კომპანია 2017 წლიდან მოყოლებული უწყვეტად გადის სერტიფიცირებას. სამაცივრე საცავი ISO 22000:2018 სტანდარტის შესაბამისად არის სერტიფიცირებული.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება