საქართველო-პაკისტანის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები სავარაუდოდ გაღრმავდება. ამას მოწმობს ბოლო პერიოდში როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევე პოტენციალი, რაც ამ სახელმწიფოების მდგრადი კავშირის მისაღწევად არის აუცილებელი.
როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე Business Insider Georgia- თან ამბობს პაკისტანში ექსპორტის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი პოტენციალი მინერალურ წყლებს აქვს, თუმცა შეიძლება ასევე მომსახურების სფეროს მაღალი ჩართულობაც, განსაკუთრებით საგანმანათლებლო კუთხით, როგორიცაა სტუდენტების მომზადება და მომსახურების სხვადასხვა სერვისი.
„პაკისტანი დიდი პოტენციალის მქონე სახელმწიფოა, სადაც 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ამ ბაზარზე ქართული პროდუქტის მოხვედრა საკმაოდ პერსპექტიულია და ჩვენს საექსპორტო პოტენციალს გაზრდის. მთავრობების დონეზე ამ მხრივ ნაბიჯები საკმაოდ აქტიურად გადაიდგა, რასაც მოწმობს პრემიერის ვიზიტი კატარში, ეკონომიკის სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლების ვიზიტები და სხვა. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საგარეო პოლიტიკაში აღმოსავლურ მიმართულებას მზარდი ყურადღება ექცევა და საკმაოდ პერსპექტიულიც იქნება. არ არ გამოვრიცხავ, ეს იყოს არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები, არამედ მომსახურების სფერო, მათ შორის სტუდენტების მომზადების და მომსახურების სერვისები. პაკისტანში შეგვიძლია გავიტანოთ ყველაფერი, რაც ტრადიციულად საქართველოს საექსპორტო პროდუქტს განსაზღვრავს. განსაკუთრებით ეს შეიძლება იყოს მინერალური წყალი, რის პოტენციალიც დიდია“, - ამბობს სოსო არჩვაძე.
როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს სხვადასხვა დონეზე ეკონომიკური ურთიერთობა აქვს მსოფლიოს 140-ზე მეტ სახელმწიფოსთან. ქვეყნის ამოცანა უნდა იყოს ექსპორტზე გეოგრაფიის ზრდა და სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოება.
ცნობისთვის, ამ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე პაკისტანის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს ასად მაჯიდ ხანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ ქვეყნები დაინტერესებული არიან, განავითარონ კავშირები ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ინოვაციებისა და ტურიზმის მიმართულებით.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება