USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოზურგეთელი მეწარმე 200-მდე საკოლექციო ვარდის წარმოებას გეგმავს

ოზურგეთელი მეწარმე 200-მდე საკოლექციო ვარდის წარმოებას გეგმავს

2023-05-12 09:42:08

 

 

 

ვარდების ბაზარზე, ქართული წარმოების წილი მოთხოვნას მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს. ქვეყანაში სულ რამდენიმე ვარდის სათბურია, სადაც გამოყვანილ ყვავილს უცხოურთან კონკურენცია უჭირს.

ოზურგეთელი მეწარმე, ალეკო ფირცხალაშვილი, რომელმაც ამ ბიზნესში ძალები დაახლოებით 5 წლის წინ მოსინჯა, ამბობს, რომ ამ ეტაპზე 10-მდე დასახელების ვარდს ახარებს და სურს, რომ ეს მაჩვენებელი 200-მდე გაზარდოს, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

„ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარი Business Insider Georgia - თან იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რაც დღესდღეობით ვარდების ბაზარზეა და სექტორის განვითარებას აფერხებს. „ბაზარზე გვაქვს ასაჭრელი ტიპის ვარდები, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მოგვყავს. წარმოება საბითუმო გაყიდვებზე მუშაობს, ქუთაისს, ბათუმსა და ზუგდიდს ვამარაგებთ. ბაზარი ძირითადად იმპორტირებული ვარდებით არის გაჯერებული, მისი უპირატესობა მაღალი ხარისხია, რასაც ქართული სტანდარტი უმეტეს შემთხვევაში ვერ ეწევა.

მოთხოვნა დიდია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ უზრუნველვყოფთ. სათბური მაღალი ტექნოლოგიური ხაზით შეიქმნა, ამიტომ ხარისხის მხრივ პრობლემა არ გვაქვს.

გამოყენებული ტექნოლოგია, განათების საშუალებები და სხვა, ხარისხიანი ვარდების მოყვანის საშუალებას გვაძლევს. იმპორტირებულთან შედარებით, დაბალფასიანია და ხარისხით მიახლოებული, რაც მაღალ მოთხოვნას განაპირობებს, თუმცა მიწოდებაში პრობლემაა. ადგილობრივ ბაზარზე სათბურები უმეტესად ტექნიკურად გაუმართავია. განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან ტემპერატურული რეჟიმის დაცვა რთულია. ამ დროს ყვავილის დაბალი ღერო ვითარდება, ვარდებს მიზერულ ფასად ან საერთოდ ვერ ჰყიდიან.

ვარდს ფაქტობრივად წელიწადის ყველა სეზონზე ვახარებთ, წლის განმავლობაში 4 ვეგეტაციას განიცდის“, - ამბობს ალეკო ფირცხალაიშვილი.

მეწარმე ვარდების ნერგებსაც ყიდის.

„მოთხოვნა ჩვენს ვარდებზე გაცილებთ დიდია, ვიდრე ვაწოდებთ. ამიტომ მცირე სათბური დავამატეთ და კიდევ ვაპირებთ გაფართოებას. ვარდის ნერგებზე გაჩნდა მოთხოვნა, ამ მხრივაც მოვსინჯეთ ძალები და ძალიან გაამართლა. თითო ნერგს, რომელიც ე.წ. საკოლექციო ბუჩქოვანი მცენარეა 10-15 ლარის ფარგლებში ვყიდით. გარდა ამისა, 200-300 სახეობის სხვადასხვა საკოლექციო ჯიშის ვარდის მოშენებას ვგეგმავ, რაზეც დიდი მოთხოვნა“, - აღნიშნავს ალეკო ფირცხალაიშვილი Business Insider Georgia - თან.

თითო ტოტი ვარდის საბითუმო ღირებულება 1,50 ლარის ფარგლებშია, თუმცა საცალო გაყიდვებში 3-4-ჯერ მეტი ღირს.

ცნობისთვის, ალეკო ფირცხალაიშვილის ვარდების სათბური ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედშია. ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში არის დაფინანსებული.

პროექტი განხორციელდა „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებდა.

სასათბურე მეურნეობაში ჯამურად 300,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 73,000 ლარამდე გრანტია, 210,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარების ინვესტიცია. ფერმერს წელიწადში დაახლოებით 70,000-80,000 ვარდი მოჰყავთ, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები