USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზარდი ონლაინ გაყიდვების ფონზე, ჩირისა და ცუკატების წარმოების გაორმაგებას ვგეგმავთ - „ჩირინა“

მზარდი ონლაინ გაყიდვების ფონზე, ჩირისა და ცუკატების წარმოების გაორმაგებას ვგეგმავთ - „ჩირინა“

2024-05-01 14:00:00

თელავში, წინანდალში მდებარე მცირე საწარმო ჩირინა/Chirina, რომელიც „აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარია, წელს წარმოების გაფართოებას და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს. 

Business Insider Georgia-თან „ჩირინას“ დამფუძნებელი თამარ ბატიაშვილი აცხადებს, რომ წელს წარმოების 2-ჯერ ზრდა აქვს გადაწყვეტილი, მით უმეტეს, რომ მზარდი ონლაინ გაყიდვების ფონზე კომპანიას უკვე საკუთარი ვებგვერდიც აქვს, საიდანაც უფრო მარტივად მოახდენს რეალიზებას.

„წელიწადში, სეზონის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 ტონა ხილ-ბოსტნეულს ვამუშავებდი. ახლა ვფიქრობთ, რომ წარმოება გავზარდოთ. საუბარია გაორმაგებაზე, რადგანაც ტექნიკური საშუალებებით გაფართოება მოხდა. ასევე გაქვს საკუთარი ვებ-გვერდი chirinashop.ge, რაც გაყიდვების მიმართულებით მეტ საშუალებას გვაძლევს.

„ჩირინას“ ცნობადობა თანდათან იზრდება და მიუხედავად არასეზონურებისა ძალიან ბევრი გვწერს. მარაგები პრაქტიკულად მილევადია, ამოწურულია და აქედან გამომდინარე, მოთხოვნის ზრდაზე ზუსტი მაჩვენებლების დასახელების მიჭირს, მაგრამ წარმოება აუცილებლად უნდა გავზარდო. ამის საშუალებას ტექნიკური დანადგარები მაძლევს და წლის ბოლოსთვის უკვე მეცოდინება რა შედეგებზე გავედით“, - აცხადებს თამარ ბატიაშვილი.

„ჩირინას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სუპერმარკეტებში შესვლას ამ ეტაპზე არ გეგმავს. 

„ჩირინას“ პროდუქცია იყიდება მხოლოდ ონლაინ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ნატურალურ პროდუქტებს მარკეტებში ვერ შევდივართ, რადგანაც იქ შენახვის შესაბამისი პირობები დაცული არ არის და პროდუქტი გაფუჭდება.

ის რაც დღეს მარკეტებში იყიდება და დიდი ხანია დახლზე დევს, არის ქიმიურად დამუშავებული. ძირითადად დამუშავება ხდება გოგირდის დიოქსიდით და ასეთი გზით შენახვის ვადები იზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნატურულ პროდუქტებზე ვმუშაობთ და არის ეკოლოგიურად სუფთა, ხილ-ბოსტნეულს ვყიდულობთ სოფლის მოსახლეობიდან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იყო შევიძინოთ ისეთი ხილ-ბოსტნეული, რომელიც შეწამვლის გარეშეა მოყვანილი. 

რასაც ვაწარმოებთ ონლაინ იყიდება. ონლაინ გაყიდვის პრობლემა არ გაქვს და აქედან გამომდინარე, არც ვაპირებთ, რომ ჯერჯერობით ჩვენი პროდუქცია სადმე შევიტანოთ. თუ კი იქნება სტანდარტები, შენახვის პირობები და ვადები დაცული ქსელში შევალთ, მაგრამ ჯერჯერობით საინტერესო შემოთავაზება და წინადადება არ არის. პლუს დიდი მარკეტებს თავიანთი მოთხოვნები აქვთ და იმხელა პროცენტს იტოვებენ, რომ მათთან თანამშრომლობას აზრი არ აქვს“, - ამბობს „ჩირინას“ დამფუძნებელი.

ბატიაშვილი ამბობს, რომ უახლოეს ხანებში, კახეთში, კერძოდ თელავში მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნება, საიდანაც მიიღო შეთავაზება, რომ „ჩირინას“ პროდუქცია გაიყიდოს. ვინაიდან დაცული იქნება შენახვის პირობები და ამისათვის იქნება სპეციალური მაცივარი „ჩირინას“ მფლობელი აღნიშნულ წინადადებას უკვე დათანხმდა.

„რეალიზაციის პრობლემა არ გვიდგას. ჩვენ პროდუქციას ძირითადად სასაჩუქრე შეფუთვით ვყიდით, რომელიც აქტიურად იგზავნება უცხოეთში, სადაც ჩვენი დამკვეთები ქართველი ემიგრანტები არიან. 

ყველაზე მოთხოვნა არის შავ ქლიავისა და ხურმის ჩირზე. „ჩირინა“ აწარმოებს ასევე ცუკატებსაც და გაქვს ექსკლუზიური ხაზიც, საუბარია სტაფილოს ცუკატზე. დიდი მოთხოვნაა ასევე ყაბაყის ცუკატზე, საზამთროს ცუკატზე და ასე შემდეგ. თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცუკატებიდან სტაფილოს ცუკატი არის ყველაზე გაყიდვადი“,- აცხადებს ბატიაშვილი.

„ჩირინა“ პროდუქციის რეალიზებას მხოლოდ სასაჩუქრე შეფუთვებით ახდენდა, თუმცა საიტის გაშვების შემდეგ პროდუქცია უკვე წონითაც იყიდება. 

ჩირის, ცუკატის, ტყლაპის გარდა „ჩირინა“ სხვადასხვა სახის ნუგბარსაც აწარმოებს.

„აქტიურად ვამზადებთ გულსართიან ჩირებსაც. აქამდე ქლიავის გულსართიან ჩირებს ვაწარმოებდით, მაგრამ წელს ვგეგმავთ, რომ ატამსა და გარგარშიც შევიტანო იგივე. გულსართიანი ჩირების ხაზი მინდა გავზარდო“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

„ჩირინა“ მცირე საწარმოა, რომელიც კახეთის რეგიონში აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ჩირს, ცუკატს, ტყლაპს, მურაბას, სხვადასხვა ნუგბარს, ხილის და მცენარეულ ჩაის. „ჩირინას“ ნაწარმი უნიკალურია. ის სოფლის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში მოყვანილი უწამლო ხილ-ბოსტნეულისგან მზადდება. შრება სპეციალურ აპარატურაში და დაცულია შენახვის ყველა პირობა.

ბრენდის ისტორია 2021 წლიდან დაიწყო. სურვილი გაჩნდა შექმნილიყო  ქართული, ჯანსაღი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც ყველა ასაკის მომხმარებლისთვის საყვარელი ნუგბარი გახდებოდა. ამასთან, საქართველოს წარმოადგენდა უცხოეთის ქვეყნებში და საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, მცირე საწარმომ 2022 წელს გაფართოება შეძლო და წინა წელთან შედარებით, 30-ჯერ გაზარდა წარმოება. დღეს „ჩირინა“ აწარმოებს 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს. ქართველი მომხმარებლებისთვის სასურველი ნუგბარია, ხოლო სასაჩუქრე შეფუთვების სახით გაგზავნილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები