კაფე „პონპონჩიკი“ კადრებთან დაკავშირებით პრობლემას განიცდის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი სალომე იაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, გაფართოებასთან დაკავშირებით გეგმის განხორციელება გაუჭირდათ, რადგან სასურველი კადრი არ ჰყავთ.
„კვალიფიციური კადრები ემიგრაციაში წავიდნენ, მათი ჩანაცვლება ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, - ამბობს სალომე იაშვილი. „პონპონჩიკი“ კაფე – ადგილია, რომელიც სპეციალურად ე.წ “პონჩიკის” მოყვარულებისთვის შეიქმნა. სხვადასხვა ასორტიმენტის, იტალიური რეცეპტით დამზადებული ფუნჩულა და სხვა საკონდიტრო ნაწარმი დიდი მოწონებით სარგებლობს და სეზონზე ყოველთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია.
თუმცა არის რიგი გამოწვევაც, რასაც განსხვავებული კონცეფციის მქონე კაფე ადგილობრივ ბაზარზე აწყდება.
„კაფეში წარმოდგენილი „პონპონჩიკები“ მხოლოდ ნატურალური და უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით მზადდება. კაფეში მოსულ სტუმარს შეუძლია როგორც სასურველი ტკბილეულის ადგილზე მირთმევა, ისე მისი თან წაღებაც, გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისიც. პანდემიამ, შემდეგ უკვე უკრაინაში მიმდინარე ომმა, გარკვეული პრობლემა შეგვიქმნა. გაყიდვებში ორიენტირებული ვართ ძირითადად ხარისხზე და არა რაოდენობაზე, ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ კადრებს ვერ ვშოულობთ, საუბარი არ არის პროფესიონალიზმზე, მზად ვართ, ვასწავლოთ, გადავამზადოთ, მაგრამ ინტერესი მაინც არ არის.
ამ დროს ვინც საქმე იცოდა წავიდა უცხოეთში, ორი გამოცდილი კადრი დავკარგეთ. სანამ პროფესიონალი ახალი კადრი არ მეყოლება, ოფისის გახსნას არ ვჩქარობ, არ გვინდა ვინმემ თქვას, რომ ,,პონპონჩიკი“ ფალიაშვილზე კარგია და ვაჟა-ფშაველაზე - არ ვარგა. მიმაჩნია, რომ თანამშრომლის ფაქტორი არის გადამწყვეტი, შეუძლია უკან დაგწიოს, ნებისმიერი კარგი რეცეპტი გააფუჭოს, დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს“, - ამბობს სალომე იაშვილი.
ცნობისთვის, „პონპონჩიკი“ კაფე 2016 წელს გაიხსნა. 24 სახეობის უგემრიელესი ფუნჩულა და პიშკები ვაკეში, ზ.ფალიაშვილის 80-ში არსებულ საკონდიტროში მზადდება. თითო ფუნჩულას ფასი 3,50 ლარია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში