ქართული ყველის ერთერთ სახეობაზე, ფშაურ დამბალხაჭოზე მოთხოვნა მზარდია, რაც „მართა ბებოს დამბალხაჭოს" წარმოებაზეც აისახა. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, კომპანიამ დამბალხაჭოს გაყიდვები გაზარდა, ხოლო 2023 წელს გეგმავს გაორმაგებას.
როგორც დამფუძნებელი ეკა დოჯურიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, გარკვეული სირთულის მიუხედავად, წარმოების ზრდა შეძლეს, ხოლო მიმდინარე სეზონზე უკვე აქტიურად დაიწყეს მუშაობა განვითარებისა და მეტი პროგრესის მისაღწევად.
„2022 წლის ზაფხულში შეღავათიანი აგრო კრედიტით ავაშენეთ საწარმო, ხოლო პროექტმა „USDA SQIL" დაგვიფინანსა დანადგარები, კლიმატტექნიკა, მზის ელექტროსადგური, რამაც წარმოების განვითარების მეტი შესაძლებლობა მოგვცა. პროექტის ჯამური ღირებულება 50 000 დოლარია, საიდანაც 20 000 დოლარი გრანტია.
მიმდინარე წლის იანვრიდან უკვე საწარმოში განვაგრძეთ საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სეზონზე ნედლი რძის სიმცირის და შესაბამისად მაღალი ფასის გამო, დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, რისკმა გაამართლა და წარმოების გაორმაგება შევძელით. ამ მხრივ დიდი შეღავათი გაგვიწია მზის ელექტროსადგურმა, რითაც კომუნალური ხარჯი დავზოგეთ. დღეს უკვე ფაქტობრივად ყველა პირობაა, რომ ზაფხულისთვის მეტ სიმძლავრეზე გავიდეთ", - ამბობს ეკა დოჯურიშვილი.
რაც შეეხება დამბალხაჭოს - ტრადიციული მეთოდით დამზადებული ფშაური პროდუქტია. როგორც მეწარმე ამბობს, რეგიონში დამბალხაჭოს წარმოების ტრადიციის დაკარგვა რისკის ქვეშ იყო. ვინაიდან ძველი თაობის წასვლასთან ერთად იკარგებოდა ეს უნიკალური ტექნოლოგია, რის მიზეზიც რთული და შრომატევადი პროცესია, თუმცა დიდი ნაწილი გამოწვეული იყო ეკონომიკური ფაქტორებითაც.
„ჩვენი დამსახურებით უფრო მეტმა მომხმარებელმა გაიცნო დამბალხაჭო, როგორც ფშავის ავთენტური ნაწილი, მისი გამორჩეული კულტი. ბრენდისთვის მართა ბებოს სახელის დარქმევით, წინაპართა ხსოვნისა და პატივისცემის მიზნით ქართული ტრადიცია გავაგრძელეთ, რითაც ძალიან ვამაყობთ. რომ არა მისი საქმისადმი დიდი სიყვარული, ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა, რაც ჩვენც გვასწავლა და მემკვიდრეობით გადმოგვცა, ჩვენი ხაჭო ასეთი გემრიელი არ იქნებოდა", - აცხადებს ეკა დოჯურიშვილი.
ამ ეტაპზე „მართა ბებოს დამბალხაჭოს“ საწარმო მაქსიმალურად შეესაბამება HACCP-ის სტანდარტს.
რაც შეეხება გაყიდვებს, „მართა ბებოს“ დამბალხაჭო წარმოდგენილია სპეციფიურ მარკეტებსა თუ ყველის სახლებში, ასევე სუპერმარკეტების გარკვეულ ნაწილშიც, სადაც 1 კგ. პროდუქტის ღირებულება 60-დან 80 ლარის ფარგლებშია.
როგორც ეკა დოჯურიშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტანდარტი დანერგა წარმოებაში, ამავე დროს ტრადიციული ხაზი მთლიანად შეინარჩუნა, რაც ამ პროდუქტის მთავარი ნიშა და ღირებულებაა.
საწარმოო პროცესში დოჯურიშვილების ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობს, თუმცა სეზონზე საჭირო კადრის დამატებაც უწევთ.
ინფორმაციისთვის, „მართა ბებოს დამბალხაჭო" ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას მოპოვებული აქვს პროექტის "აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტი. მოგვიანებით კი „ელკანას“ 13 600 ლარის დაფინანსება, აგროტურიზმის მიმართულებით და სხვა.
ცნობისთვის, 2014 წელს, სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ“ დამბალხაჭოს (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში