პანდემიურ პერიოდში დაზარალებული ტურისტული ცენტრი, მარან-მუზეუმი ,,ნუმისი" ძალებს იკრებს. როგორც მისი დამფუძნებელი ნუნუ კარდენახიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მუზეუმს ყოველდღიურად ათეულობით ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა, კორონავირუსის გამო, ტურისტების ვიზიტი ჯერ შემცირდა, შემდეგ კი, საერთოდ შეწყდა.
ამ ეტაპზე „ნუმისი“ ძირითადად უცხოელი ტურისტების იმედადა, რადგან შიდა ტურები იშვიათად ეწყობა.
„კრიზისი გადავლახეთ იმ დონეზე, რომ უმუშევრები არ ვართ. ნელ-ნელა სერვისების განვითარებას ვახდენთ. საქართველოს კულტურული ტურიზმის რანგში ,,ნუმისი" ნამდვილად საუკეთესოა და გვინდა, ეს ნიშა ბოლომდე შევინარჩუნოთ. ახლახან ქართული ცეკვის მასტერკლასი დავამატეთ, რაც ძალიან დიდ მოწონებას იწვევს. მომხმარებლების ძირითადი ნაწილი უცხოელები არიან. რატომღაც ქართველებს კულტურული ტურების მიმართ ნაკლები ინტერესი აქვთ და ეს ძალიან ნეგატიური ტენდენციაა", - ამბობს ნუნუ კარდენახიშვილი.
მისი თქმით, ვიზიტორების უმეტესობა სხვადასხვა ქვეყნიდანაა, მათ შორის, რუსეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, აშშდან და სამხრეთ კორეიდან. რაც შეეხება ტარიფებს, როგორც მარან-მუზეუმის დამფუძნებელი ამბობს, არ შეცვლილა. ტერიტორიის დათვალიერება 5 ლარი ღირს, თუმცა კონკრეტული ღონისძიება თუ ახლავს, დათვალიერება უფასოა.
ღვინის დეგუსტაციის და სხვადასხვა მასტერკლასის ღირებულება 20 ლარიდან იწყება. რაც შეეხება მენიუს, საწყისი ფასი 40 ლარია და ზემოთ. ნუნუ კარდენახიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ,,ნუმისში" 4 ადამიანია დასაქმებული. თუმცა კომპანია სეზონის მიხედვით 9-15 ადამიანს ასაქმებდა.
ცნობისთვის, ,,ნუმისი“ გურჯაანის რაიონის, სოფელ ველისციხის უძველესი მარანია, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება. მარან-მუზეუმში გახსნილია მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელშიც დაცულია სხვადასხვა ეპოქის თიხის, მინის, სპილენძის და ხის ჭურჭელი, აგრეთვე სხვა ნივთებიც.
ნივთები მოგვითხრობენ ქართული მეღვინეობის და ეთნოგრაფიის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურაზე. კოლექციაში გამორჩეული ადგილი უკავია ძველი წელთაღრიცხვის III-II საუკუნეში დამზადებულ ღვინის მრავალფეროვან თიხის ჭურჭელს და ქალის სამკაულებს, ყელსაბამებს, ბეჭდებს, XVIII საუკუნის სპილენძის ღვინის ჭურჭელს, ძველ ხალიჩებს, ნოხებს და ავეჯს. ასევე საბჭოთა ნივთებს, მათ შორის პირველ ტელევიზორებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და სხვა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში