USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ ოთხ თვეში 23 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ ოთხ თვეში 23 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

2023-03-02 12:00:13

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის  ნოემბრიდან - 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 165 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 80 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

ოთხი თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 23 შეთანხმება გააფორმა.

რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 3 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 5 დარღვევის ფაქტი, ხოლო 1 შემთხვევაში არ დადასტურდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 80% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 20% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.

რეგიონების მიხედვით კვლავაც 92%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 4%. მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 28%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 28%, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა 13%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 5%, ხოლო სხვა დანარჩენი 26%.

საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%-ს, ინფორმაცია და კომუნიკაცია 1%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ია.

ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას.

სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები