სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გადავსებული ურნების ამსახველი ვიდეომასალა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნული მიწისქვეშა ურნები ყოველდღიურად, ღამის საათებში იცლება, თუმცა ამ მისამართზე მსგავსი პრობლემა ხშირია, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნაგავშემკრებ კონტეინერებში აკრძალული ნარჩენის მოთავსება და ამის შედეგად ურნების, ასევე, სპეცმანქანების დაზიანება დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან კომერციული ობიექტების წარმომადგენლები და ასევე, მოქალაქეები კონტეინერებში და მის მიმდებარედ ათავსებენ: დაუშლელ მდგომარეობაში მუყაოს ყუთებსა და სხვა შეფუთვის ნარჩენს, სამშენებლო ნარჩენს, ავტომობილის მეორად ნაწილებსა და ზეთებს, საწარმოო ნარჩენს, ჩამოწერილ პროდუქტებს, ასევე, დიდგაბარიტიან ნარჩენს, როგორიცაა ძველი ავეჯი და ა.შ.
„ამ ყველაფრის მოთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში (ასევე, მიმდებარედ) აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, ისიც რომ ურნებში განთავსებული სამშენებლო ნარჩენი ხვდება ნაგავმზიდ მანქანებში, რის შედეგადაც სპეცმანქანები ზიანდება, შეკეთებას კი საკმაოდ დიდი ხარჯი და დრო სჭირდება. აღნიშნული მანქანები კი ისევ დედაქალაქს ემსახურება.
საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი „ნარჩენების მართვის წესი“ და მომხმარებელთა უფლება-მოვალეობები, რომლის თანახმადაც, „მომხმარებლები ვალდებულნი არიან, ნარჩენები ისე განათავსონ კონტეინერებში, რომ არ მოხდეს მათი გადავსება, ხოლო გადავსების შემთხვევაში, ნარჩენები განათავსონ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კონტეინერებში. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ალმოდებული ნარჩენების, სითხეების და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს“.
კომპანიების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მოვუწოდებ, ნარჩენები კანონით დადგენილი წესის მიხედვით განათავსონ, ნუ დავაბინძურებთ გარემოს და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს.
ასევე, გეტყვით, რომ გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც შესაძლებელია სამშენებლო/ინერტული ნარჩენის (ასევე, ძველი ავეჯის) კანონიერად განთავსება. ტარიფები ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვისაც. ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს „თბილსერვის ჯგუფთან“ შეუძლია ხელშეკრულების გაფორმება და ნარჩენების გატანის კუთხით დამატებითი მომსახურების მიღება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობენ კომპანიები, რომელთა წარმომადგენლებიც კეთილსინდისიერად უდგებიან ნარჩენების საკითხს, თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტთან, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კალაძემ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში