საშემოდგომო სესიაზე დაგეგმილია მესამე პირის დაზღვევის კანონპროექტის ინიცირება, რომელიც თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს სადაზღვევო სფეროს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
ცინცაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სადაზღვევო პროდუქტების კიდევ უფრო პოპულარიზაციას.
„პირველ რიგში ეს ხელს შეუწყობს სადაზღვევო სექტორთან დაკავშირებით მოსახლეობის ფართო წრეებში ცნობიერების ამაღლებასა და იმ სადაზღვევო პროექტების პოპულარიზაციას რას ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ფინანსური დაცულობისთვის“, - აღნიშნა ცინცაძემ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი სადაზღვევო სექტორის ხელშეწყობისთვის და კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.
„ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სადაზღვევო სექტორის ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებით კი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იდგმება.
ამასთან ჩვენი ქვეყნის მიზანია, რომ ჩვენ შევძლოთ და უზრუნველვყოთ საინვესტიციო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მიღწევა საშუალო ვადიან პერიოდში და დარწმუნებულნი ვართ, რომ აღნიშნული რეიტინგის მიღება როგორც სუვერენულ გამოხატულებაში ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ცალკეული კომპანიების მიერ საკრედიტო რეიტინგების აღება ხელს შეუწყობს მთლიანად დარგისა და სფეროს განვითარებას და ასევე ხელს შეუწყობს სადაზღვევო პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდასა და პოპულარიზაციას ქვეყანაში.
ასევე აღნიშნული ხელს შეუწყობს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს ისეთი კომპანიებისადმი, რომელთაც სუვერენული რეიტინგები უკვე აქვთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რითაც ვახტანგ ცინცაძე სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მიღებას გამოეხმაურა.
ცინცაძის თქმით, საკრედიტო რეიტინგის მიღება მნიშვნელოვანია არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ სფეროსთვის.
„რეიტინგის მიღებას ასევე სტიმულს მისცემს სხვა კომპანიებს, რომელიც სადაზღვევო სფეროში ოპერირებენ, რათა მათაც მოიპოვონ საერთაშორისო რეიტინგი“, - განაცხადა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM BEST ალდაგს გლობალური რეიტინგი მიანიჭა. ამით ალდაგი გახდა პირველი ქართული სადაზღვევო კომპანია, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგი ექნება.
AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე. აღსანიშნავია, რომ გლობალური რეიტინგით, ალდაგი გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Allianz, Hannover Re, Axis, Swiss Re, Scor.
AM Best-ის დამოუკიდებელი შეფასებით ალდაგს აქვს რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე, რომელიც AM Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება. გარდა ამისა, შეფასების დროს გათვალისწინებული იყო ალდაგის ლიკვიდური საინვესტიციო პორტფელი და ფინანსურად ძლიერი საერთაშორისო გადამზღვევლებისგან შემდგარი გადაზღვევის პანელი. მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა წარმატებული ანდერრაიტინგის პოლიტიკის მრავალწლიანმა ისტორიამ.
რაც შეეხება კანონპროექტს:
შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცებას ოთხი წელია ელოდება.
საკანონმდებლო რეგულაცია, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევას ავალდებულებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი თქვენ სხვის კუთვნილ მანქანას ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახეთ და შემთხვევის ადგილის შეფასების შედეგად გაირკვა, რომ ამაში ბრალი თქვენ მიგიძღვით, დაზარალებულის კომპენსაციისთვის თანხების სახელდახელოდ მოძიება აღარ მოგიწევთ. მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი თქვენი სადაზღვევო პოლისის საფუძველზე ანაზღაურდება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო წესით დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია. ამ მხრივ არც ევროპაა გამონაკლისი, სადაც გზებზე რეგულარულად დაახლოებით 300 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ავსტრიელებმა ჯერ კიდევ 1929 წელს იტვირთეს. დიდ ბრიტანეთში დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულო 1930 წლიდან გახდა, შვეიცარიაში - 1932 წლიდან, ჩეხეთში - 1935 წლიდან, გერმანიაში კი - 1939 წლიდან. მოგვიანებით დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულოდ ევროპის სხვა ქვეყნებმაც აღიარეს.
იგივე თემაზე:
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება