USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ იმერეთის დღეებით გაიხსნება - „წისქვილი ჯგუფი“

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ იმერეთის დღეებით გაიხსნება - „წისქვილი ჯგუფი“

2023-05-17 12:30:09

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ იწყება. ღონისძიება 20 მაისს, წისქვილის ეზოში „ქართული კუთხეების ფესტივალი“ იმერეთის დღეებით გაიხსნება. ქართველი და უცხოელი სტუმრები იმერეთის ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას გაეცნობიან. 

როგორც ,,წისქვილი ჯგუფის“ წარმომადგენელმა Business Insider Georgia- თან აღნიშნა, სტუმრებს იმერული ცეკვა-სიმღერის ავთენტურ ვერსიებს, ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ნომრებს წარუდგენენ.

სპეციალურად ამ დღისთვის იმერეთიდან „წისქვილს“ ესტუმრებიან: ქუთაისის ა. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ანსამბლი „ბერმუხა“, ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ხალხურ საკრავთა ანსამბლი ზვიად აბესაძის ხელმძღვანელობით, ლევან გერსამიას ანსამბლი, „ქართული ქორეოგრაფია“ და ანსამბლი „აისი“.

წარმოდგენილი იქნება ქართული ხელნაკეთი ნივთები, სამოსი და ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქტები, მათ შორის, მეღვინეობა „ენკენის“, „შუმის“, ღვინის ბრენდ „ფესვების“, „ბადაგისა“ და „ქეთო’ს“ ნაწარმი.

„მე-6 წელია, რაც მეღვინეობა „ენკენი“ დაარსდა და ტრადიციულად ქვევრში დაყენებულ იმერულ ღვინოებს სთავაზობს ქართველ და უცხოელ მომხმარებელს. ეს საქმე არ არის მხოლოდ ბიზნესი ჩვენთვის, არამედ პირველ რიგში იმერული, ქვევრის ღვინის პოპულარიზაციასა და შიდა და გარე ბაზარზე ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. „ქართული კუთხეების ფესტივალი“ კიდევ ერთი შანსია იმისა, რომ ჩვენი იმერული ქვევრის ღვინოები, იმერულ კერძებთან ერთად, ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარვუდგინოთ და მივიღოთ მათგანაც უკუკავშირი“, – ამბობს „ენკენის“ დამფუძნებელი, ლაშა გურული.

საფესტივალო დღეებში „წისქვილის“ მენიუში დაემატება კონკრეტულად ამ კუთხის შესაბამისი, ტრადიციული კერძები.

გაიმართება მასტერკლასები და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ნახონ, როგორ მზადდება ნამდვილი იმერული ხაჭაპური, წიწილა კეცზე და სხვა გამორჩეული კერძები. ბავშვებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცე, გასართობი აქტივობებით.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წელს პირველად გაიმართება, თუმცა, „წისქვილი ჯგუფში“ ამბობენ, რომ მას ყოველწლიური ხასიათი მიეცემა და ტრადიციად იქცევა. „ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფესტივალებისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. გვიხარია, რომ ჩვენ ვუყრით საფუძველს ასეთ მნიშვნელოვან წამოწყებას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ მუნიციპალიტეტსა და კომპანიას, რომელიც ჩაერთო და მონაწილეობს ფესტივალში“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ლაშა ჩხაიძე.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და იმერეთის შემდეგ, „წისქვილი“ სვანეთს, კახეთს, სამეგრელოს, რაჭას, გურიასა და აჭარას უმასპინძლებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები