შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, სანაპირო დაცვის მიმართულებით გასული წლის მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„ვსაუბრობ სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებულ რეფორმაზე და აქვე მინდა შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს ოთხდონიანი შეფასება.
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის - „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
მან საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ასევე წარმოადგენს NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოს მხრიდან პასუხისმგებელი ერთ-ერთი ძირითადი უწყება, წარმატებით ახორციელებს საზღვაო უსაფრთხოების პროექტს, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში.
ევროინტეგრაციის პროცესში უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ერთ-ერთმა წამყვანმა უწყებამ, არაერთი მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯი გადადგა.
კიდევ უფრო გაღრმავდა ორმხრივი თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე, ევროპულ სააგენტოებთან -Frontex-თან, Europol-თან და თავშესაფრის საკითხებზე ევროკავშირის სააგენტოსთან, რაც დადებითად არის შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებისა და მემორანდუმების გაფორმების მიზნით, სხვადასხვა ეტაპზეა მოლაპარაკების პროცესი რიგ პარტნიორ სახელმწიფოებთან.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი