USD 2.7421

EUR 2.8841

TRY 0.0791

GBP 3.4515

RUB 0.026007

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირი საქართველოს ძირითად რეფორმებს ₾60 მილიონით დააფინანსებს

ევროკავშირი საქართველოს ძირითად რეფორმებს ₾60 მილიონით დააფინანსებს

2023-02-09 10:07:42

გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა  საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ეს სექტორებია:„ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა.

თითოეულ სექტორში რეფორმების განხორციელების შეფასების შემდეგ, ევროკავშირმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა:

1. ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება: მთლიანობაში საქართველოს მთავრობის კარგი წინსვლა შეინიშნება მცირე და საშუალო საწარმოების (SME) სტრატეგიის განხორციელების კუთხით. თუმცა, ვერ მოხერხდა რამდენიმე ინდიკატორის შესრულება წინა წლებში მნიშვნელოვანი კანონების მიღების შეფერხების გამო (კერძოდ, აღსრულების კოდექსი და კანონი - ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მესამე პირთა წინაშე).

გადახდა: 5,67 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 12 მილიონი ევროდან).

2. ცოდნა-უნარების განვითარება შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (Skills4Jobs): ძალიან კარგი წინსვლა შეინიშნება შრომის ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით; ეს აშკარად ჩანს, მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დასაქმებულთა რაოდენობის 114%-ით ზრდაში.

ასევე კარგი წინსვლა დაფიქსირდა როგორც სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის, ასევე სტუდენტების ჩარიცხვის მზარდი რაოდენობის მიმართებაში. მაგრამ ადგილობრივ დონეზე ვაკანსიების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების შეფერხების გამო შესაძლოა, რომ თანხის მცირე ნაწილი ვერ გადაირიცხოს.

გადახდა: 7 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 7,5 მილიონი ევროდან).

3. ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა: ევროკავშირისა და საქართველოს ეს ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამა მხარს უჭერს მთავრობის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას (PIRDP).

პროგრამამ ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია, მათ შორის არის მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი ოდენობის გრანტების გაცემა ოთხ სამიზნე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად. სრული გადახდა: 5 მილიონი ევრო. 4. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV):

აღინიშნება კარგი წინსვლა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა და თემების ცხოვრების პირობების შემდგომი გაუმჯობესების კუთხით. მნიშვნელოვანი წინსვლა მიღწეულია საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობაში, ტყის ტერიტორიის აღდგენასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში სერტიფიცირებული თესლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ბოლომდე არ დაკმაყოფილდა სანერგეების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ერთი ინდიკატორი, რის შედეგადაც გადახდა ნაწილობრივი იყო. გადახდა: 3.2 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 4.4 მილიონი ევროდან).

საკითხის ისტორია: საბიუჯეტო მხარდაჭერა საბიუჯეტო მხარდაჭერა არის ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ინსტრუმენტი. ის პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს მოიცავს. საბიუჯეტო მხარდაჭერა შესრულებაზეა დამოკიდებული - ის გაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეულია შეთანხმებული შედეგები - მაგალითად, დასახული მიზნები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, განათლებაში, საჯარო ფინანსების მართვაში. ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში დამაკმაყოფილებელი შედეგების შენარჩუნებაზე არის დამოკიდებული.

საქართველოსთვის საბიუჯეტო მხარდაჭერის უმეტესი ნაწილი არის კონკრეტული სექტორისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი და გაერთიანებულია დამატებით მხარდაჭერასთან, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს რეფორმებს, როგორიცაა მაგალითად, გრანტები და ტექნიკური დახმარება სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ან მცირე რეგიონული ბიზნესისთვის ევროკავშირის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები