PAZZA/პაცცა პიცის მოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ბრენდი განსხვავებული და გამორჩეული კონცეფციით ქართულ ბაზარზე 4 წლის წინ შეიქმნა და უმოკლეს პერიოდშივე პოპულარული გახდა.
„პაცცა“ პირველია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს დამწვარი პიცა შესთავაზა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აჩო ზამბახიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ბაზარზე ასეთი პროდუქტის გამოჩენას მწვავე კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა, მაგრამ გარკვეულ პერიოდის შემდეგ მომხმარებელმა სიახლე მიიღო და მათი შეკვეთების რაოდენობაც და პოპულარობაც თანდათან გაიზარდა.
სულ ცოტა ხნის წინ ,,პაცცამ“ ახალი ყუთები გამოუშვა წარწერით „სიყვარულით დამწვარი“, როგორი ფრაზითაც ის წლების წინ „დამწვარი“ პიცის გამო ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ირონიაგარეული უკმაყოფილებით მოიხსენია.
„პირველი ვართ, ვინც დამწვარი პიცა შესთავაზა ბაზარს, გასტრონომიულ ენაზე მას „ლეოპარდის ლაქები“ ჰქვია. აქამდე საქართველოში ცნობილი არ იყო, ამიტომ სიახლის მიღება მომხმარებელს ძალიან გაუჭირდა.
ასეთ დამოკიდებულებას ველოდით კიდეც, მაგრამ გავრისკეთ და გაამართლა. თუმცა თავის დროზე იყო ბევრი საყვედური, კრიტიკა, უკან მობრუნებული, შიგნით ნასროლი პიცა და სხვა, ეს ეტაპი გავიარეთ. ერთხელ, როდესაც სოციალურ ქსელში კომენტარებში გვეჩხუბებოდნენ - დამწვარიაო, ჩვენმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა უპასუხა, კი, ოღონდ სიყვარულითაა დამწვარიო!
გადავწყვიტეთ, ეს ულამაზესი ფრაზა ჩვენს ყუთზე დაგვეტანა. დროთა განმავლობაში ჩვენი რესურსით, ადამიანების დახმარებითაც, ვინც იტალიურ სამზარეულოს და მათ შორის, „ლეოპარდის ლაქებს“ იცნობს, დანარჩენ მომხმარებლამდე სწორად მივიდა მესიჯი, ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ ჩვენი პიცა რეალურად ასეთი უნდა იყოს. შემდეგ უკვე პირიქით მოხდა და სხვა ადამიანებმაც დაიწყეს მიბაძვა“, - ამბობს აჩო ზამბახიძე.
მისი ინფორმაციით, „პაცცას“ პიცებზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე დაახლოებით 25-30%-ით იზრდება. კომპანია 2018 წელს შეიქმნა. დასაქმებულია 25 ადამიანი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში