USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯავშნების პირველი ქართული მობილური აპლიკაცია გლობალურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს

ჯავშნების პირველი ქართული მობილური აპლიკაცია გლობალურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს

2023-07-05 16:00:14

Tripcamp − ჯავშნების პირველი ქართული მობილური აპლიკაცია, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ბევრი საინტერესო და განსხვავებული დასასვენებელი ადგილია თავმოყრილი.

აქ იპოვით: გლემფინგებს, კოტეჯებს, ხის ქოხებსა თუ სხვა სტილის დასასვენებელ ადგილებს.

როგორც Tripcamp -ის დამფუძნებელი და დირექტორი ხატია სვანაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, წელს ორიენტირი მთლიანად მთლიანად ქართული ბაზარია.

მომავალი წლიდან მომსახურების გლობალურ ბაზრებზე გატანას გეგმავენ, პირველ ეტაპზე მეზობელ ქვეყნებში, შემდეგ სწორება ევროპაზე ექნებათ.

„ჩვენს აპლიკაციაზე თავმოყრილია ბევრი განსხვავებული ადგილი, როგორიც შეიძლება იყოს გლემფინგი, ხის ქოხი, კოტეჯი და სხვა, მხოლოდ ამ ნიშაზე ვართ ორიენტირებული სხვა სტანდარტული დასაჯავშნი პლატფორმებისგან განსხვავებით.

რეალურად ასეთი ტიპის დასაჯავშნი ობიექტები სხვა პლატფორმებზეცაა, მაგრამ სასურველი კოტეჯის შერჩევა მომხმარებლისგან მოითხოვს დიდ დროს, ჩვენი მომსახურება ამ მხრივ გამორჩეულია. გარდა ამისა, ვაპირებთ გლობალურ ბაზრებზე გასვლას. მსგავსი მომსახურება ამერიკაში არის, მაგრამ ანალოგი არ გვყავს ევროპაში. ვგეგმავთ, რომ მიმდინარე წელს ქართულ ბაზარზე ვკონცენტრირდეთ და შემდეგ უკვე გაფართოებას მეზობელი ქვეყნებიდან დავიწყებთ. პირველი ქვეყანა თურქეთია, სადაც მომსახურებას გავიტანთ", - ამბობს ხატია სვანაძე და დასძენს, რომ ახლო მომავალში Tripcamp -ის აპლიკაციაში იგეგმება უნიკალური გამოცდილების ფუნქციონალის დამატება.

„სულ მალე აპლიკაციას დასასვენებელ ადგილებთან ახლოს არსებული საინტერესო ობიექტების აღნიშვნაც დაემატება. შეიქმნება ახალი სივრცე ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის, სადაც ისინი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ. კონკრეტული კოტეჯი, დავუშვათ, აჭარის რომელიმე სოფელში თუ მდებარეობს, იქ ლოკალური ადგილის მონიშვნა უნიკალური გამოცდილების ფუნქციონალის დამატებით გახდება შესაძლებელი", - ამბობს ხატია სვანაძე.

აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ Tripcamp საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტის მფლობელი გახდა. კომპანია ამ თანხით საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს, მომხმარებლებს კი დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას ჰპირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები