ავიაკომპანია Georgian Airways-ი საკუთარი თანამშრომლების საზოგადოებისთვის გაცნობას განაგრძობს.
კომპანიის ცნობით, 28 წლის ზურა წივწივაძე 2 წელია ავიაკომპანია Georgian Airways-ის მეორე მფრინავია ბოინგ-737-ზე. თუმცა, ავიაკომპანიაში მუშაობა, ბევრად ადრე, 2013 წლიდან დაიწყო, საავიაციო უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე. 9 წლის განმავლობაში ზურამ ბორტგამცილებლად იმუშავა, თუმცა ის, რომ მფრინავი უნდა გამხდარიყო, ბავშვობიდანვე იცოდა:
„მთელი ჩემი ოჯახი ავიაციაში მუშაობს და ეს სფერო ბავშვობიდან მიყვარს, ოჯახის წევრებს დავყვებოდი აეროპორტში, თვითმფრინავებს ვხედავდი და ვფიქრობდი, რომ ამაზე მაგარი პროფესია არ არის. დღესაც ასე ვფიქრობ“ .
ბორტგამცილებლად მუშაობის პარალელურად, ზურა მფრინავის პროფესიას ეუფლებოდა და თეორიულ მასალას სწავლობდა: „ბორტგამცილებლად მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა მენახა რეალობაში ის, რასაც თეორიულად ვსწავლობდი. ძალიან დამეხმარა ეს გამოცდილება. მფრინავი რომ გავხდი, უკვე ყველაფერი ვიცოდი ბორტზე რაც ხდება, სალონში როგორ მუშაობს ეკიპაჟი, მგზავრები როგორ იქცევიან. პირველ რიგში ხომ უსაფრთხოებისთვის ვართ, თვითმფრინავის, მგზავრებისა და საკუთარ უსაფრთხოებას ვიცავთ და შემდეგ ყველას ჩვენ-ჩვენი ფუნქცია გვაქვს“.
ორძრავიან თვითმფრინავზე პრაქტიკული ფრენების შემდეგ, ზურამ ამსტერდამში გაიარა სწავლება ბოინგ-737-ზე და უკვე ორი წელია მეორე მფრინავია და ჯამში, 11 წლის განმავლობაში, 8500 საათამდე იფრინა. ამჟამად პარიზში, „ბოინგ-767“-ზე სწავლობს.
,,ჩემთვის ფრენა არის თავისუფლება. ჰაერში რომ ადიხარ, თავისუფალი ხარ. ზოგადად, ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც გიყვარს. მხოლოდ ანაზღაურების გამო არ უნდა მუშაობდე. ჩვენ ცხოვრებაშიც, ყოფით დონეზე ხდება არასასიამოვნო მომენტები, ცუდ განწყობაზეც ვყოფილვართ, თუმცა როცა აეროპორტში მოდიხარ და თვითმფრინავში ადიხარ ეს ყველაფერი უკან უნდა მოიტოვო, გაღიმებული და მშვიდი უნდა შეხვდე მგზავრს.“
მათ, ვისაც მფრინავის პროფესიაზე ოცნებობს, ურჩევს სირთულეებს ნუ შეუშინდებიან, რადგან ავიაციის სიყვარული, შრომისმოყვარეობა და მონდომება მიზნამდე აუცილებლად მიიყვანს.
როცა ვსწავლობდი და თან ბორტგამცილებლად ვმუშაობდი, ეკიპაჟის წევრები - მფრინავები ხელს მიწყობდნენ, მასალებს თვითონაც მაძლევდნენ და შემდეგ რეისზე ერთად განვიხილავდით, რა ავითვისე, კითხვები რა მქონდა. ახლა, როცა უკვე მოქმედი მფრინავი ვარ, მეც ანალოგიურად ვიქცევი, ვცდილობ ახალ თანამშროლებს რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება გადავცე. ასე მუშაობს ჩვენი პროფესია.“
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება