USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების პოლონელი დამსაქმებლები დაჯარიმდნენ

გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების პოლონელი დამსაქმებლები დაჯარიმდნენ

2023-09-26 16:00:02

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის მიმართვის საფუძველზე, გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების პოლონელი დამსაქმებლები დაჯარიმდნენ.

როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან Business Insider Georgia-ს აცნობეს, ირაკლი პეტრიაშვილმა, პოლონეთის პროფკავშირებს წერილით მიმართა და გერმანიაში გაფიცული ქართველი და სხვა ქვეყნების სატვირთო მანქანის მძღოლების შრომითი პირობების შემოწმება და მათი უფლებების დაცვა სთხოვა.

პეტრიაშვილის წერილის საფუძველზე, პოლონეთის პროფკავშირებმა ადგილობრივ შრომის ინსპექციას მიმართა. პოლონეთის უფროსი შრომის ინსპექტორის ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა კანონდარღვევა კომპანია „ AGMAZ & LUK MAZ“-ის ჯგუფის სუბიექტებში და კრაკოვის შრომის რეგიონულ ინსპექტორატს დაევალა დაუყოვნებლივ დაეწყო საინსპექციო საქმიანობა ამ ჯგუფის ფარგლებში მოქმედ ყველა კომპანიაში.

კერძოდ, შრომის ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ დასაქმებულები პოლონეთში ყოფნისა და მუშაობის ლეგალიზაციის საბუთებს ფლობდნენ, თუმცა, სამუშაოს მინდობა სამუშაო ნებართვებში მითითებული პირობების საწინააღმდეგოდ მოხდა.

დარღვევები გამოვლინდა 71 პირთან დაკავშირებით (LUK MAZ Łukasz Mazur - ში - 31 ადამიანი, AGMAZ Agnieszka Mazur -ში - 31 ადამიანი, Imperia Logistyka Sp. z o.o. - ში - 9 ადამიანი).

სამივე სუბიექტში, დანაშაულის ჩადენაში დამნაშავე პირები, სისხლისსამართლებრივი სასჯელით, თითოეული - 2000 პოლონური ზლოტით (PLN) დაჯარიმდნენ. ასევე, გამოვლენილი დარღვევების შესახებ ეცნობა Malopolskie Voivode-ს, როგორც უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვის გაცემის კომპეტენტურ ორგანოს.

შრომის ინსპექტორებმა ინსპექტირება თითოეულ ამ კომპანიაში 2023 წლის 14 აპრილს დაიწყეს. მათ დაადგინეს, რომ დასაქმებული იყო 1000-ზე მეტი მძღოლი - ძირითადად, უცხოელები საქართველოდან და უზბეკეთიდან. აღმოჩნდა, რომ შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მხოლოდ ერთი მძღოლი იყო დასაქმებული.

ინსპექტირებამ აჩვენა, რომ სამუშაო სრულდებოდა თვეში მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში, ხშირად ყოველ მეორე ან მესამე დღეს, დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში. მაჩვენებლები არარეალურად გამოიყურებოდა. მძღოლების რეალურ სამუშაო დროში ეჭვის შეტანის გამო, შრომის ინსპექტორებმა დამსაქმებელს სთხოვეს ციფრული ფაილების და მძღოლის ბარათების წარდგენა შემოწმებით გათვალისწინებული პერიოდისთვის. მეწარმემ წარმოადგინა დაზიანებული ფაილები, საიდანაც ჩაწერილი მონაცემები ვერ იკითხებოდა. რის გამო შეუძლებელი გახდა მძღოლების სამუშაო დროის შემოწმება და გაკონტროლება.

გარემოებების შესაბამისად, 2023 წლის 25 აგვისტოს სუბიექტების დაჯარიმების თაობაზე პოლონეთის შრომის ინსპექტორის მიერ გამოიცა 3 ადმინისტრაციული გადაწყვეტილება: * LUK MAZ Łukasz Mazur - 30 ათასი PLN (პოლონური ზლოტის) ოდენობით, * AGMAZ Agnieszka Mazur - 30 ათასი PLN ოდენობით, * Imperia Logistyka sp. z o.o. - 25 ათასი PLN ოდენობით.

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირებმა, პარტნიორი ორგანიზაციების შუამდგომლობითა და დახმარებით, დაიცვა და აღადგინა ამავე კომპანიის მიერ დაზარალებული ტრაილერის მძღოლების უფლებები წინა წლის აპრილის თვეშიც.

დამსაქმებელი იძულებული გახდა გაფიცულებისთვის (65 დასაქმებული) შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხები გადაეხადა. საქართველოს პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ბრძოლის შეწყვეტას არც ამჯერად აპირებენ. თუმცა, ამავდროულად, პრობლემის სწრაფად მოგვარებისთვის აუცილებელია, რომ ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთოს და რეაგირება მოახდინოს! შეგახსენებთ, რომ ტრაილერის მძღოლები, რომელთა შორის უმეტესობა ქართველია, გერმანიაში ივლისში გაიფიცნენ.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები