კაფე-რესტორანი „როლ აუთი“ ბაზარზე სულ 5 თვის წინ გამოჩნდა და განსხვავებული ნიშით მიიქცია ყურადღება. „როლ აუთი“ ერთდროულად საწარმო და კაფე-რესტორანია, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ფერადი პელმენების, წვენებისა და დესერტების დაგემოვნება.
როგორც „როლ აუთის“ დამფუძნებელი გიორგი მღვდელაძე Business Insider Georgia - თან ამბობს, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე გაფართოებასა და ახალი ფილიალის დამატებას გეგმავენ.
„სხვადასხვა დასახელების ფერადი პელმენების ხაზი ქართული ბაზრისთვის სიახლეა. გარკვეული რისკი იყო, მაგრამ მიდგომამ გაამართლა. კაფე-რესტორანში მოსულ მომხმარებელს შეუძლია ასევე ფერადი და განსხვავებული გემოების მქონე წვენები და დესერტები დააგემოვნოს. უცხო კერძია, სიახლეა, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევა ხალხი, ყოველ შემთხვევაში, ვინც ერთხელ მოვიდა და გემო გაუსინჯა კერძს, უმეტესობა უკვე მუდმივი სტუმარია, ასეთი კი ბევრი გვყავს.
რატომღაც პელმენი ნახევარფაბრიკატთან ასოცირდება. ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფცია წარმოვადგინეთ - პელმენები სხვადასხვა შიგთავსით, ზღვის პროდუქტებით, ყველით, ალუბლით და სხვა. რუსები და უკრაინელები ამ კერძს ყველაზე კარგად იცნობენ, თუმცა დაინტერესება დიდია სხვა ქვეყნების ტურისტებისა და ადგილობრივი მოქალაქეების მხრიდან.
ამიტომ მივიღეთ გაფართოების გადაწყვეტილებაც, წლის ბოლომდე ახალ ფილიალს დავამატებთ. შესაბამისად, ასორტიმენტი და დასაქმების მაჩვენებელიც გაიზრდება", - ამბობს გიორგი მღვდელაძე.
ამ ეტაპზე „როლ აუთი“ 12-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. რაც ყველაზე მთავარია, წარმოებაში გამოყენებული „საღებავები“ ნატურალურია და 100%-ით უსაფრთხო პროდუქტია. კერძს ყვითელ ფერს აძლევს კურკუმა, მწვანეს - ისპანახი, შავი პელმენს ფერს კალმარის მელანი ანიჭებს და სხვა.
კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, წარმოების ზრდის პარალელურად, დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში