Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ Business Insider Georgia-თან განაცხადა, რომ ეკონომიკის დაკრედიტების მიმდინარე ტემპი ჯანსაღია და პროცესის შენარჩუნება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
ანალიტიკოსმა ამ კუთხით, ყურადღება გაამახვილა სესხის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის გაპზე, რადგან მისი თქმით, მშპ-სთან ფარდობის გაპი ერთ-ერთი ინდიკატორია, რომელიც მიანიშნებს თუ როგორი უნდა იყოს საკრედიტო პოლიტიკასთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები.
„თუ გაპი არის უარყოფითი, ეს ნიშნავს, რომ სივრცე არსებობს იმისთვის, რათა საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი იყოს დაჩქარებული, ხოლო თუ ეს მაჩვენებელი არის დადებითი, მაშინ შესაძლოა, დაკრედიტება უფრო ჭარბი იყოს.
წინა პერიოდებში ეს მაჩვენებელი იყო უარყოფითი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება უნდა გაგრძელებულიყო, რაც დაკრედიტებას ხელს უფრო შეუწყობდა. მიმდინარე ეტაპისთვის ვხედავთ, რომ იხურება ეს გაპი და ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ დაკრედიტების მიმდინარე ტემპი არის ჯანსაღი და ამ პროცესის შენარჩუნება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 16,4%-ით არის გაზრდილი. თუმცა ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 12-15%-ის ფარგლებში იქნება და თანხვედრაში მოვა იმ მაჩვენებელთან, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენი იქნება ნომინალური მშპ-ს ზრდის ტემპი“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
ანალიტიკოსის შეფასებით, ის, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი მშპ-ს ზრდის ტემპს აღემატებოდეს, ეს მისაღებია და ფაქტობრივად ჯდება, როდესაც ხდება მთლიანი სესხების მშპ-სთან ფარდობითი დინამიკის დათვლა.
„ამ კუთხით ვითარება ნორმალურია, ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალ დონეზე ნარჩუნდება მიმდინარე წელსაც, ლარის კურსი სტაბილურია და 2,70 ლარის ფარგლებში ველოდებით, რაც მაკროეკონომიკურ გარემოს ფინანსური სტაბილურობის კუთხით, კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 300 000-დან 400 000 ლარამდე გაზარდა. ცვლილება ძალაში 2024 წლის 1-ელი მაისიდან შევა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება