USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
EBRD-ი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მეტი ინვესტიციებით, პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ჩართულობითა და რეფორმებით - კატარინა ბიორლინ ჰანსენი

EBRD-ი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მეტი ინვესტიციებით, პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ჩართულობითა და რეფორმებით - კატარინა ბიორლინ ჰანსენი

2023-09-11 11:11:15

კატარინა ბიორლინ ჰანსენი, რომელიც წლების განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის ოფისს ხელმძღვანელობდა, უკვე EBRD-ის მოლდოვის ოფისს ხელმძღვანელობს.

კატარინა ბიორლინ ჰანსენი Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან  EBRD-მა 286 პროექტში 5 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.  მისივე განმარტებით, ბანკი კვლავ  გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი ინვესტიციების უზრუნველყოფით, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობით. 
კატარინა ბიორლინ ჰანსენი მიიჩნევს, რომ საქართველომ სრულად უნდა ისარგებლოს „შუა დერეფანში“ ხელსაყრელი მდებარეობით. მისივე თქმით, განახლებადი ენერგიის პროგრამები, რომელიც გულისხმობს ჰესებს, მზის და ქარის ენერგიის გამოყენებას, უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად.

 

- პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ვიდრე დეტალებზე გადავიდოდეთ, თუ შეიძლება მოგვიყვეთ თქვენი საქართველოში კარიერის შესახებ. რამდენადაც ცნობილია, თქვენ მიმდინარე თანამდებობამდე მუშაობდით საქართველოში.

 

- თქვენც დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე მართლაც ვმუშაობდი საქართველოში - EBRD-ის თბილისის ოფისში 2006 წლიდან. ვიყავი ბანკირი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გუნდში. სხვა პროექტებთან ერთად, ვუხელმძღვანელე წყლის და ჩამდინარე წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტებს ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში. ასევე, ბათუმისათვის ახალი ავტობუსების შეძენის პროცესს. ასეთი ტიპის პროექტები სიახლე იყოს EBRD-სთვის საქართველოში. მას შემდეგ, ბევრი მსგავსი პროექტი განვახორციელეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისში გატარებული სამი შესანიშნავი წლის შემდეგ გადავედი მოსკოვში და მოგვიანებით ქაიროში, სადაც დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი ჩვენს იქაურ ოფისში. თბილისში 2019 წელს დავბრუნდი სამხრეთ კავკასიის რეგიონში აქტივობების წარმართვის მიზნით. სიხარულით დავბრუნდი ამ ლამაზ და სტუმართმოყვარე ქვეყანაში. 

 

- თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია EBRD-თვის საქართველო და პირიქით?

 

- ციფრები ბევრ რამეს ცხადყოფს. 1992 წელს ბანკის მიერ საქართველოში მუშაობის დაწყების დღიდან, ჩვენ განვახორციელეთ 5 მილიონი ევროს ინვესტიცია 286 პროექტში. ეს ნამდვილად დიდი ციფრია ქვეყნის სიდიდისა და მშპ-ს გათვალისწინებით. EBRD-ისთვის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციების კუთხით პირველ ადგილზეა. 

EBRD კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს მეტი ინვესტიციებით, პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ჩართულობითა და რეფორმებით. ჩვენ  მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერის კუთხით, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. დავეხმარეთ ადგილობრივ საბანკო სექტორს, რომ გამხდარიყო უფრო მდგრადი. ასევე, მოცულობითი ინვესტიცია განვახორციელეთ განახლებადი ენერგიის პროექტებში, რომლებიც აძლიერებენ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელეთ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს ჰყავს სოლიდური ბიზნეს საზოგადოება, რომელსაც აქვს განვითარების ძლიერი სურვილი, გაუმჯობესებული სტანდარტები და გამძლეობა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მთავრობასთან. ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა ინვესტორთა საბჭო, რომელსაც ვმართავთ გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (UK Good Governance Fund) ერთად. ინვესტორთა საბჭო წარმოადგენს საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას ბიზნეს კლიმატის არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის და ის წარმატებით ფუნქციონირებს 2015 წლიდან საკვანძო რეფორმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესის ხელშესაწყობად. 

 

- თქვენი საქართველოში საქმიანობის განმავლობაში შეგიძლიათ გაიხსენოთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტები?

 

- ასეთი ბევრი იყო, მაგრამ მე მხოლოდ რამდენიმეს გავიხსენებ, რადგან ეს იყო საეტაპო პროექტები ახალი ინიციატივებით, რაც გზას უხსნის შემდგომ განვითარებას.

მაგალითად, კაპიტალის ბაზრის სექტორში, EBRD იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქართულ ლარში ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებაში. ლარში დენომინირებული ობლიგაციები ახლა სტანდარტული ფუნქციაა, ჩვენ ბევრ ასეთ ტრანზაქციას დავუჭირეთ მხარი ქართულ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით და დაფინანსების ალტერნატიული წყაროს შეთავაზებით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის დედოლარიზაციას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

ინფრასტრუქტურის სექტორში, ჩვენ დავეხმარეთ ბათუმს ელექტრო ავტობუსების გამოყენების დანერგვაში, რაც პირველი ამგვარი პროექტი იყო საქართველოში. ჩვენ ვიმუშავეთ აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო (E5P) ფონდთან ამ ინოვაციური პროექტის ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელების მიზნით. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, როგორც საქართველოსთვის, ასევე, EBRD-ისთვის, რადგან ეს იყო  ელექტრო ავტობუსის პირველი პროექტი EBRD-ის ოპერირების ქვეყნებს შორის. ეს მართლაც განსაკუთრებული პროექტია, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაინერგა. მწვანე ეკონომიკის დაფინანსება EBRD-ისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

EBRD ასევე ამაყობს, რომ ხელს უწყობს ენგურჰესის ფუნქციონირებას. ჩვენ 1998 წლიდან თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს ამ გამორჩეული პროექტის რეაბილიტაციას, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს ჰქონდეს ელექტროენერგიის სტაბილური, მდგრადი და მწვანე მიწოდება.

2016 წელს ჩვენ დავიწყეთ „მწვანე ქალაქების პროგრამა“ და თბილისი იყო პირველი ქალაქი, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო. თბილისის მზაობამ დაეწყო პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია მუნიციპალური სერვისების მდგრადობაზე, გზა გაუხსნა სხვა ბევრ პროექტს, როგორც საქართველოში, ასევე, ჩვენი ოპერირების სხვა ქვეყნებში. ამჟამად 50-ზე მეტი ქალაქი მონაწილეობს პროგრამაში. თბილისში, EBRD-მა ხელი შეუწყო მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის გაუმჯობესებას. ჩვენ დავაფინანსეთ ლურჯი ავტობუსები, რომლებსაც ქუჩებში ხედავთ. ეს ავტობუსები ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და კომფორტულია. ამ პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტთან ერთად ვიმუშავეთ ქალი მძღოლების მომზადებაზეც. ჩვენ ახლა ვნერგავთ იგივე ინიციატივას ბევრ სხვა ქალაქში.

სამედიცინო კორპორაცია ევექსის დაფინანსებისას, ჩვენ ვმუშაობდით საექთნო განათლების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე ახალგაზრდებისთვის საწყის ეტაპზე შრომის ბაზარზე ხელშეწყობის მიზნით. ეს პროცესი მოიცავდა გაძლიერებულ სასწავლო პროგრამას, ასევე ძალისხმევას, მამაკაცი ექთნების მოსაზიდად, ამ სფეროში უფრო დაბალანსებული სამუშაო ძალის არსებობისთვის. ამ პროექტმა მოიპოვა ბანკის მდგრადობის ჯილდოს (EBRD Sustainability Awards) ოქროს მედალი.

ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლებზეც შემიძლია დიდხანს ვისაუბრო, მთელი წიგნი გამოვიდოდა, მაგრამ ეს სხვა დროისთვის.

 

- რამდენად მჭიდრო და პროდუქტიული იყო თქვენი თანამშრომლობა მთავრობასთან სხვადასხვა პროექტების განხორციელებისა და რეფორმების პროცესში?

 

- ჩვენ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული თანამშრომლობა მთავრობასთან, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ინვესტორთა საბჭოსთან მუშაობის შედეგად გატარებულ რეფორმებს, ასევე, სამთავრობო პროექტების განხორციელებას.

COVID-19-ის პანდემიის დროს, ბანკი აგრძელებდა აქტიური  დიალოგის წარმართვას, როგორც მთავრობასთან, ასევე კერძო სექტორთან მათი საჭიროებების გასაგებად და გადაუდებელი გამოწვევების გადასაჭრელად. ჩვენ, მართლაც, შევძელით მხარდაჭერის უზრუნველყოფა და EBRD-ის მხრიდან, საქართველოში, 2020 წელს, მანამდე უპრეცედენტო ინვესტიციის გამოყოფა.

EBRD გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი ინვესტიციების უზრუნველყოფით, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობით. რაც შეეხება სამთავრობო სესხებს, ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით ვახორციელებთ პროექტებს ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში და მოუთმენლად ველით ამ მიმართულების გაგრძელებას. ჩვენს საინვესტიციო პროექტებს ყოველთვის ახლავს მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს იმ კომპანიების საოპერაციო სტანდარტების გაუმჯობესებას, რომლებთანაც ვმუშაობთ, მიუხედავად იმისა, ეს კომპანია კერძოა, თუ სახელმწიფო საკუთრებაშია. ამგვარ, პროექტზე ორიენტირებული მუშაობის პარალელურად, გავაგრძელებთ ქვეყანაში ზოგადი ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაძლიერების მხარდაჭერას.

 

- მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება საქართველოში ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობების შესახებ, შესაბამისად, აუცილებლად მინდა გკითხოთ საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის შედეგებზე.

 

- ინვესტორთა საბჭოს არსებობამ ცხადყო, რომ ეს ძალიან პროდუქტიული გზაა კერძო სექტორსა და მთავრობას შორის დიალოგის ხელშესაწყობად. 2015 წელს დაარსებიდან, ჩვენ წარმატებით ვპასუხობთ სხვადასხვა გამოწვევებს, მაგალითად, განვახორციელეთ საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმა საგადასახადო ადმინისტრაციის პრობლემური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ასევე, მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ და კანონი მეწარმეთა შესახებ.

ინვესტორთა საბჭო ასევე მუშაობს „გამწვანებაზე“ და „უფრო ინკლუზიურ“ რეფორმებზე მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და დაბალანსებული ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

- თქვენი საქართველოში საქმიანობის მიწურულს, რამდენიმე რჩევას/რეკომენდაციას ხომ არ გაგვიზიარებდით?

- საქართველომ სრულად უნდა ისარგებლოს „შუა დერეფანში“ ხელსაყრელი მდებარეობით. არსებობს გადაუდებლობის განცდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით ვაჭრობის გასაადვილებლად. ეს არის რეალური შესაძლებლობა საქართველოსთვის!

ენერგეტიკული უსაფრთხოება საკვანძოა, მაგრამ უსაფრთხოების გარდა, განახლებადი ენერგიის ინვესტიციები პერსპექტიული სფეროა უცხოური და შიდა ინვესტიციებისთვის. განახლებადი ენერგიის პროგრამები, რომელიც გულისხმობს ჰესებს, მზის და ქარის ენერგიის გამოყენებას, უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად.

საქართველო დასათვალიერებლად შესანიშნავი ქვეყანაა და ტურისტული სექტორი, ბუნებრივია, ძალიან თვალსაჩინოა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ნიჭის მოზიდვა სტუმართმოყვარეობის სექტორში და ხელმისაწვდომი ტრენინგების უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით. ადამიანური კაპიტალის განვითარება საკვანძოა სექტორის განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ ახალი ტურისტული მიმართულებები ვითარდება. გამიმართლა და საქართველოში ბევრი ადგილი უკვე მოვინახულე. მოუთმენლად ველი, რომ დავბრუნდები დასასვენებლად და გავაგრძელებ ამ მშვენიერი ქვეყნის დათვალიერებას.

 

- თუ შეიძლება გვითხრათ, სად განაგრძობთ კარიერას?

 

- მე გადავდივარ კიშინიოვში, რომ გავუძღვე EBRD-ის მუშაობას მოლდოვაში. პოლიტიკური მიმართულებით ცვლამ, ამ ქვეყანას მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ფუნქცია შესძინა. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბანკის პორტფოლიოშიც. მე ყურადღებას გავამახვილებ ინვესტიციებზე, რომლებიც დაეხმარება მოლდოვას ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში და ევროკავშირთან კავშირის გაძლიერებაში. 

წარმატებას გისურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ მუდმივად გექნებათ კავშირი საქართველოსთან.

დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ეს ინტერვიუ. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები