საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასების მხრივ მცირე ცვლილებაა. როგორც საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ბოლო 3-4 დღის მონაცემით, 10 თეთრით გაიაფდა დიზელის საწვავი, თუმცა ბენზინი ძვირდება და ეს ტენდენცია ჯერჯერობით გაგრძელდება.
„ბენზინის საწვავზე ფასის ზრდას ველით, ეს არის ისევ მომწოდებლის „რუსული კაპრიზი“, რაც საბოლოო ჯამში არასტაბილურობას განაპირობებს.
ამასთან, დიზელზე ფასმა ქვემოთ იწყო სვლა, 10 თეთრით არის გაიაფებული ბოლო დღეებში, რაც პოზიტიური სიახლეა. რაც შეეხება ბენზინს, თავის დროზე, როცა სექტორს პრემიერმა ფასის შემცირება სთხოვა, არაბრენდირებულმა კომპანიებმა გარკვეული ნაბიჯი გადადგეს, ფასი შეამცირეს იმაზე მეტად, ვიდრე რესურსი ჰქონდათ. ჯერჯერობით სერიოზული ძვრები არ შეიმჩნევა, მაგრამ მცირედით მომატებულია ფასი და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - ამბობს იობაშვილი და დასძენს, რომ მიმდინარე პერიოდში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აქციზის გადასახადის შემცირებაა, რაც კომპანიებს შემოსავალს გაუზრდის და ქვეყანასაც - ტრანზიტიდან მიღებული სარგებელი გაიზრდება.
„რეგიონში საწვავი ყველაზე ძვირი საქართველოშია. თურქეთში ყოველთვის ძვირი ღირდა, მაგრამ გადასახადები შეამცირეს და დღეს უკვე ბენზინი 33 ცენტით იაფია, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ტრანზიტად გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩვენს ქვეყანაში ბენზინს არ ასხამენ, რაც სექტორისთვის დიდი დანაკარგია. მეზობელ ქვეყნებს ამ დროს განსხვავებული საგადასახადო სისტემა აქვთ, ამიტომ ყოველთვის იქნება განსხვავება ფასებში, სანამ საგადასახადო პოლიტიკა არ შეიცვლება“, - ამბობს იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 207.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 175.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 158.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.0 პროცენტი).
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში