აჭარაში ცნობილი სასტუმრო კომპლექსი „მგზავრები გონიო“ წელს, კახოვკის ჰესზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, შავი ზღვის შესაძლო დაბინძურების საფრთხის ფაქტორიდან გამომდინარე, ნაკლებად დატვირთულია.
მიუხედავად ამისა, სასტუმრო, კონკურენტებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ინარჩუნებს მოთხოვნას.
როგორც „მგზავრები გონიოს“ მენეჯერი ბექა აბულაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, სასტუმროში 2 აუზი ფუნქციონირებს, რომელიც განსაკუთრებით კომფორტული და მისაღებია მათთვის, რომლებსაც ზღვაზე დასვენება აშინებთ.
„ჯერჯერობით რთული სეზონია. დიდი ძალისხმევა გავწიეთ დამსვენებლების მოსაზიდად და გარკვეული კონტინგენტი შევინარჩუნეთ, თუმცა შარშანდელთან შედარებით დიდი კლებაა. ჩვენი სასტუმრო მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით იმით არის პოპულარული, რომ 2 აუზი ფუნქციონირებს. განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახებისთვის ძალიან მისაღებია ასეთ პირობებში დასვენება . თუმცა სასტუმრო ნაკლებადაა დატვირთული და სეზონი არ არის ისეთი, როგორიც მოლოდინი იყო. გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 40%-ით ნაკლები დამსვენებელი გვყავს“, - ამბობს ბექა აბულაძე.
„მგზავრები გონიო“ რეგიონში გამოირჩევა იმითაც, რომ საქართველოში პირველმა დანერგა სასტუმროს ნომრების გაცვლის სისტემა, რაც უნიკალურ საშუალებას აძლევს მფლობელებს ერთი სასტუმროს ნომრის შეძენით დაისვენონ როგორც მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ზღვაზე.
მფლობელები ამით გარკვეულ დივიდენდებს იღებენ და შეუძლიათ დასვენებაც მოიწყონ, რომელიც ლიმიტირებულია და მაქსიმალური ვადა 2 კვირას შეადგენს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმას, ბექა აბულაძის ინფორმაციით, წლის ბოლომდე იგეგმება გარე აუზის გათბობა, რაც მომხმარებლების მხრიდან მეტ სტიმულს გამოიწვევს.
ცნობისთვის, სასტუმრო „მგზავრები გონიო“ მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს: რესტორანს, კაფეს ეზოში და აუზს.
ამ ეტაპზე სასტუმროში დაახლოებით 10 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში