კომუნიკაციების კომისიამ, ქართულ სატელევიზიო სივრცეში პროდუქტის განთავსების კანონდარღვევით გავრცელების გადაჭრის მიზნით, კონფერენცია "სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement" ჩაატარა. ღონისძიებაში მონაწილეობა ევროკავშირის მედია ექსპერტმა, ჟან ფრანსუა ფურნემონმა, დიდი ბრიტანეთისა და ლიეტუვის მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლებმა, ევროკავშირის დელეგაციისა და ამერიკის საელჩოს, ასევე, ტელემაუწყებლების, გაყიდვების სახლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. ამასთან, ღონისძიებას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ესწრებოდა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ გახსნა და სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევებზე, კერძოდ კი, პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. საუბრისას მან საქართველოში პრობლემის სიმწვავეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წესების დარღვევით გაკეთებული პროდუქტის განთავსება ლახავს მაყურებლის უფლებას გამიჯნოს, თუ სად არის რეკლამა, სად გადაცემა და სად - წამყვანის მოსაზრება, რაც, მისივე თქმით, „მაუწყებლობის შესახებ" კანონით დაუშვებელია. ივანე მახარაძემ განაცხადა ისიც, რომ ღონისძიების მიზანს ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და საბოლოოდ, პრობლემის აღმოფხვრის გზებზე შეჯერება წარმოადგენს.
ღონისძიების გახსნით ნაწილში, სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და ევროკავშირის მედია ექსპერტი, ჟან ფრანსუა ფუნრნემონი, რომელიც ბელგიის მარეგულირებელი კომისიისა და მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) თავმჯდომარე იყო. თავიანთ სიტყვაში, ირაკლი ლექვინაძემ და ჟან ფრანსუა ფურნემონმა მაყურებლის ინტერესების დაცვაზე, მაუწყებლების მიერ წესების დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკასა და პროდუქტის განთავსების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქორიძემ, ქართული სატელევიზიო ბაზრის გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, აუდიტორიას ComCom-ისა და ჟან ფრანსუა ფურნემონის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა 15 ქვეყნის პრაქტიკა, რომლის ანალიზმაც აჩვენა, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში პროდუქტის განთავსების დარღვევაზე კანონი და მარეგულირებელი კომისიების მიდგომა ძალიან მკაცრია. ამასთან, კოტე ქორიძემ განიხილა სარეკლამო კომუნიკაციის სახეები, მათი განმასხვავებელი ნიშნები, რეგულაციის საჭიროება და წესების დარღვევით გაკეთებული პროდუქტის განთავსების ნეგატიური გავლენა მომხმარებელზე. საუბრის დასასრულს, ComCom-ის წარმომადგენელმა პრეზენტაცია პროდუქტის განთავსების დარღვევითა და დარღვევის გარეშე გაკეთებული ევროპული და ქართული მაგალითებით შეაჯამა.
პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, გაიმართა პირველი პანელური დისკუსია - „პროდუქტის განთავსების გავლენა მომხმარებელზე და სარეკლამო ბაზარზე", რომელსაც მოდერაცია ComCom-ის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თინათინ ჭაჭუკაშვილმა გაუწია. დისკუსიაში მონაწილეობა ჟან ფრანსუა ფურნემონმა და კოტე ქორიძემ მიიღეს. სესიაზე განიხილებოდა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პროდუქტის განთავსება წესებისა და კანონის სრული დაცვით კეთდებოდეს, ასევე, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა პროდუქტის განთავსების რეგულაციასთან დაკავშირებით და რა უნდა გაითვალისწინონ მაუწყებლებმა, რომ არ მიაყენონ ზიანი მაყურებელს, თუმცა ამავდროულად, არ დაკარგონ კომერციული შემოსავლები. დისკუსიის დასასრულს, პანელისტებმა დამსწრე აუდიტორიისგან კითხვები მოისმინეს და ამომწურავი პასუხები გასცეს.
მოგვიანებით, ღონისძიებაზე ასევე გაიმართა მეორე პანელური დისკუსია „პროდუქტის განთავსების საერთაშორისო პრაქტიკა და მიდგომები", რომელსაც მოდერაცია ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ გაუწია. სესიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების კომისიის (Ofcom) მაუწყებლობისა და ონლაინ კონტენტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სუზან ვრაითმა და ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის (RTCL) სამართლებრივი სამსახურის უფროსმა, ვადიმ გასპერსკმა მონაწილეებს პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით Ofcom-ისა და RTCL-ის სარეგულაციო ჩარჩო და მიდგომები გააცნეს. პრეზენტაციების დასრულების შემდგომ კი, მოდერატორთან ერთად პრობლემის მნიშვნელობაზე, მომხმარებლის ზიანსა და რეგულაციის როლზე იმსჯელეს.
კონფერენციის დასასრულს, ივანე მახარაძემ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და მათ ComCom-ის შემდგომი ნაბიჯები გააცნო. კერძოდ, მისი თქმით, კომისიისთვის მნიშვნელოვანია როგორც მაყურებლების უფლებების დაცვა, ასევე მაუწყებლების ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისად, კომისია მაუწყებლებს მისცემს 8 თვიან გარდამავალ პერიოდს, რათა მოიყვანონ თავიანთი სამუშაო, მიდგომები თუ დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები კანონთან შესაბამისობაში და ახალი წლიდან, ეთერები წესების დაცვით დაგეგმონ. გარდამავალი პერიოდის შემდეგ კი, მისი განცხადებით, კომისია კანონის სრული სიმკაცრით აღსრულებას დაიწყებს. ComCom-ის წევრმა აღნიშნა ისიც, რომ კომისია მზადაა მაუწყებლებში ინდივიდუალურად მივიდეს, ჩაერთოს პროცესში, ჩაატაროს შესაბამისი ტრენინგები და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება