USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ევროპის 5G კონფერენციაში მიიღეს

ComCom-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ევროპის 5G კონფერენციაში მიიღეს

2024-02-01 10:14:00

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სანდრო ქარუმიძემ ბრიუსელში გამართულ მე-5 თაობის ქსელის ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებში 5G ინტერნეტის წარმატებული დანერგვის პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა განიხილეს. ღონისძიებაზე ყურადღება განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე გამახვილდა, რომლებიც ევროკავშირში სპექტრის ჰარმონიზაციისა და სატელეკომუნიკაციო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, ასევე ერთიანი ციფრული ბაზრის გაძლიერების მიმართულებით ხორციელდება.

კონფერენციაზე 2030 წლის „ციფრული ათწლეულის მიზნების“ სტატუსი, რადიოკომუნიკაციების მსოფლიო კონგრესის WRC-23-ის შედეგები და 6G ტექნოლოგიის ხედვის შესამუშავებლად დაგეგმილი აქტივობებიც განიხილეს. მაღალი დონის პანელური დისკუსიების ფორმატში კი, წარადგინეს პრეზენტაციები მე-5 და შემდგომი თაობის ქსელებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ეროვნულ და ევროპულ დონეზე სპექტრის განაწილების სტრატეგიის, ინოვაციურ სატელეკომუნიკაციო მოდელებში ინვესტიციების ხელშეწყობის, ქსელების უსაფრთხოებისა და მდგრადობის საკითხებზე.

ევროპის 5G კონფერენცია, რომელიც 2016 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სატელეკომუნიკაციო დარგისა და ევროპაში 5G ეკოსისტემის განვითარებას ისახავს მიზნად, ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის მოადგილემ, რენატე ნიკოლაიმ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლების ორგანოს (BEREC) თავმჯდომარემ, ევროკავშირისა და ევროპარლამენტის სატელეკომუნიკაციო და ტექნოლოგიური მიმართულების მაღალი დონის წარმომადგენლებმა, ასევე გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA)  ევროპის რეგიონის პოლიტიკის დირექტორმა, საერთაშორისო ექსპერტებმა და კომპანიების: Ericsson, NOKIA, Vodafone, Orange, Telefonica-ს წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები