სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციირებული პროგრამა და ზოგადად, მსგავსი ინიციატივები, ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „თიბისი კაპიტალის“ ვიცე-პრეზიდენტმა კაპიტალის ბაზრების მიმართულებით თინა სიმონიშვილმა სააგენტოს მიერ დაანონსებული კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შეფასებისას განაცხადა.
თინა სიმონიშვილის განმარტებით, სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის 2023 წელი რეკორდულად აქტიური იყო.
„ამ შედეგის ერთი-ერთი განმაპირობებელი EU/EBRD-ის მიერ განხორციელებული CMS პროგრამა იყო, რომლის ფარგლებშიც, 7 კომპანიას ნაწილობრივ დაუფინანსდა განთავსების საკომისიოები. „თიბისი კაპიტალის“, როგორც საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის მიზანი, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა, სწორედ ამიტომ, მივესალმებით ყველა ასეთ ინიციატივას და ვფიქრობთ, რომ სააგენტოს მიმდინარე პროგრამაც, ხელს შეუწყობს ბაზრის გააქტიურებას და ბაზარზე ახალი ემიტენტების გამოჩენას“, - აღნიშნა კაპიტალის ბაზრების მიმართულებით „თიბისი კაპიტალის“ ვიცე-პრეზიდენტმა.
Business Insider Georgia-ს კითხვაზე, ვინაიდან 2024 წელი საარჩევნო წელია, ბიზნესი ფასიანი ქაღალდების გამოშვებისგან გარკვეულწილად თავს ხომ არ შეიკავებს, „თიბისი კაპიტალის“ ვიცე-პრეზიდენტი გვპასუხობს, რომ არა.
„საარჩევნო წელს არ ველოდებით ბაზარზე აქტივობის შენელებას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ობლიგაციების გამოსაშვებად კონკრეტული მოთხოვნები არსებობს, როგორც - ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის, ასევე კორპორაციული მმართველობის კუთხითაც, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს პოტენციური ემიტენტი. ვინაიდან, ახალი პროგრამის მხრიდან აქცენტი მცირე და საშუალო (SME) ბიზნესებზე კეთდება, მათთვის მომზადების პროცესი შესაძლოა უფრო გრძელვადიანი იყოს, ბაზრის მსხვილ მოთამაშეებთან შედარებით“, - განმარტა თინა სიმონიშვილმა.
მისივე თქმით, „თიბისი კაპიტალი“ სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ინიციირების საწყისი ეტაპიდანვე თანამშრომლობს.
„პროგრამა სწორედ განთავსების აგენტების კონსულტაციების საფუძველზე დაიხვეწა და ჩამოყალიბდა. როგორც განთავსების აგენტი, „თიბისი კაპიტალი“ პროგრამის მხარდამჭერი და პარტნიორია და ბუნებრივია, აქ ვერანაირ კონკურენციაზე ვერ იქნება საუბარი. „აწარმოე საქართველოში“ არ ითავსებს განთავსების აგენტის ფუნქციებს, არამედ ემიტენტებისთვის ემისიისთვის განხორციელებისთვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს ნაწილობრივ“, - აღნიშნა თინა სიმონიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. შეხვედრას სააგენტოს დირექტორი და მოადგილე, ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის წარმომადგენლები, ასევე საბროკერო კომპანიები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას. აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება.
დაგეგმილია, 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.
2024 წელს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით სააგენტო მთელ რიგ ღონისძიებებს განახორციელებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას. ობლიგაციების გამოშვების თანადაფინანსებასთან ერთად, ეს იქნება საინვესტიციო ფონდების განვითარება და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება