ქართული თხილისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, თუმცა 2023 წელს ამ პრიდუქტისთვის პერსპექტივა სხვა ბაზრებზეც გაჩნდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქარდავამ განუცხადა.
მისი თქმით, ჩინეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ ბაზრებზე ქართული თხილის ექსპორტის კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივა გაჩნდა.
„ცნობილია, რომ ევროკავშირი ქართული თხილის პირველი მომხმარებელია. რაც შეეხება სხვა ბაზრებს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა ჩინეთთან და საამიროებთან, გააჩინა ახალი შესაძლებლობები. თხილის ექსპორტიორი კომპანიები იწყებენ ამ მიმართულებითაც მუშაობას. ჩინეთში უკვე რამდენიმე წელია ქართული თხილი გადის მცირე რაოდენობით, თუმცა ზრდა მაინც გვაქვს. ასევე გააქტიურდება არაბეთის მიმართულებაც. საამიროებში ექსპორტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხი. თუ თხილის ხარისხი გაუმჯობესდება, ამ ბაზარზე უპრობლემოდ შევძლებთ პროდუქციის რეალიზაციას“, - აცხადებს ლევან ქარდავა.
რაც შეეხება ქართული თხილის ექსპორტის მაჩვენებლებს, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში თხილი საექსპორტო პროდუქტების ათეულს მიღმა აღმოჩნდა. 2023 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოდან $52.3 მილიონი დოლარის ღირებულების 11.1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით $7.6 მილიონით, ანუ 13%-ით ნაკლებია.
ამასთან, სახელმწიფომ თხილის პროგრამის ფარგლებში ₾20.9 მილიონი დახარჯა. 3 ჰექტარამდე თხილის ფართობების მფლობელმა ფერმერებმა 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღეს.
უახლესი
9 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება9 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში