როგორ მუშაობს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რა აინტერესებთ ინვესტორებს საქართველოში და როგორ უნდა მოხდეს ხარისხიანი კაპიტალის მოზიდვა სწრაფად, რა სიახლეები იგეგმება 2024 წელს და რომელია ყველაზე გამორჩეული პროექტი? რა შეიცვლება ინვესტორებითვის, მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia-თან „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა.
რა თქმა უნდა ყველაფერი მოდის ჩანაფიქრიდან. სწორი პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით გატარდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვისა და ექსპორტისთვის, ნელნელა იქცა დიდ ინსტიტუციად. თავიდან იყო მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც შემდგომ დაემატა ექსპორტის პროგრამები და მოხდა ორი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ და Invest in Georgia-ს შერწყმა.
როგორც ხდება ხოლმე, ამ შერწყმების დროს დიდი კომპონენტი ბიუჯეტურადაც და ზოგადად შინაარსითაც რა თქმა უნდა ცოტათი ჩრდილავს ხოლმე პატარა კომპონენტს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. Invest in Georgia-ს ბრენდს ამ პერიოდისთვის, საკმაოდ დაბალი ცნობადობა ჰქონდა, ამიტომ დავიწყეთ მუშაობა ყველა მიმართულებით თანაბრად განვითარებაზე.
მაშინ სააგენტოში 40 ადამიანი ვიყავით, დღეს უკვე 110 თანამშრომელი გვყავს. ჯამში, ბიუჯეტის კუთხითაც თუ შევხედავთ ₾50-70 მლნ-დან დღეს ასულები ვართ ₾300-მლნზე და იყო მომენტები, როდესაც ნახევარ მილიარდამდეც ავედით, თუმცა აქ თანხას არა აქვს მნიშვნელობა, არამედ ამ თანხის ეფექტურად გახარჯვას და სწორედ ამიტომ ბოლო წლები შევეცადეთ, რომ აბსოლიტურად ყველა მიმართულების ინსტიტუციონალიზაცია გაგვეკეთებინა, იქნება ეს მეწარმეობა, ექსპორტი თუ ინვესტიციების მოზიდვა. ყველა მიმართულება მთლიანად გაციფრულებულია. ანუ ყველა სერვისი რომელსაც სააგენტო სთავაზობს მომხმარებელს, მეწარმეებს არის აბსოლუტურად დიგიტალიზებული - გამოფენაზე დარეგისტრირება, სერვისის მიღება, ტრენინგი, აპლიკაციის შევსება, ყველაფერი ხდება ციფრულად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარია, ყველა მიმართულების ეკონომიკური ეფექტის გაზომვა ხდება.
ჩვენ გვაქვს სპეციალური დეტარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია სკამაოდ მაღალი კვალაიფიკაციის მქონე თანამშრომლებით. რომლებიც თითოეულ მიმართულებას - მეწარმეობას, ექსპორტს, ინვენსტიციებს ზომავენ ცოცხალ რეჟიმში. ასევე ადგენენ იმას, თუ რა ეფექტი აქვს თითოეულ ჩვენს დახარჯულ ლარს, აქტივობასა და მოუტანა თუ არა ამან შემოსავალი კომპანიას გამოფენაზე დასწრების შემდეგ, ჰქონდა თუ არა ეფექტი თანადაფინანსებას, სესხის პროცენტის გარანტიას, გენდერული ბალანსი როგორ გვაქვს დაცული, ხომ არ ჭარბობენ კაცი მეწარმეები. ამას ვაკონტროლებთ და შემდეგ ამ ანალიზზე დაყრდნობით ვიღებთ სწორ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს.
რაც შეეხება ზოგადად ინვესტიციების ნაწილს, აქაც შევეცადეთ, რომ მსოფლიოში მოგვეძებნა ყველანაირი სერვისი და ხელსაწყო რაც აქვთ მსფოლიოს წამყვან საინვესტიციო სააგენტოებს და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე სმაყაროში გამოიყენება სააგენტოში დანერგილია წარმატებულად და ეს გახდა ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი სტრატეგია გადაჭარბებით შევასრულეთ.
ასევე სასიამოვნოა, რომ გაორმაგდა დასაქმების მაჩვენებელი - თუ 3 000 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო ახლად შემოყვანილ ინვესტორ კომპანიებში, დასაქმდა 6 000. ოღონდ ეს არ არის უბრალო დასაქმება, ეს არის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ხელფასები, 2 500-3 000 ლარი. რაც ყველაზე მთავარია, ამ ინსტიტუციის გაძლიერების შემდეგ, დღეს გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები, როცა ჩვენ უკვე სხვა ქვეყნებს ვუზიარებთ გამოცდილებას და რასაც უკვე საკონსულტაციო სახე მიეცა.
პირველ რიგში, ვგეგმავთ სააგენტოს ტრანსფორმირებას, რადგან ვთვლით, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. რა თქმა უნდა, ამ შედეგებს შევაფასებთ და ახალ პროგრამებს დავამატებთ, მაგრამ გლობალურად რომ შევხედოთ, დღეს საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით წამყვანი მიმართულებაა საბანკო ინდუსტრია, რაც ძალიან კარგია და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი კონტრიბუტორია.
თუმცა, გვესმის ყველას, რომ ქვეყანა თუ სწორი ვექტორით მიდის, რა გზაზეც დღეს ვდგავართ, აუცილებელია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრები განვითარდეს, ანუ გაჩნდეს საბანკო სერვისების ალტერნატივა. სწორედ ამიტომ, მთავრობის პოლიტიკის შედეგად, ამ მიმართულებით, ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა - ეკონომიკის სამინისტრო და კაპიტალური ბაზრების დეპარტამენტი მუშაობს საკანონმდებლო ჩარჩოზე. ერთი პროგრამა, რომლის დიზაინიც ფაქტობრივად დამუშავებულია და შემდეგ წელს გავუშვებთ - კომპანიებს დავეხმარებით ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, ე.წ ბონდების, რაც ახალი ინსტიტუციონალური მიმართულება იქნება სააგენტოში.
ასევე, აუცილებლად შევქმნით ფონდს, რომლის ლიმიტირებული პარტნიორი ვიქნებით - ჩვენი თანხით შევალთ, თუმცა შემდეგ ყველა საერთაშორისო წესის დაცვით, მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო ინსტიტუტს შემოვიყვანთ და შესაბამისად გაჩნდება მცირე და საშუალო ბიზნესის ე.წ. „ექვითი ფონდი“ (Equity Fund).
ამასთან ერთად, საუბარია asset based financing-ზე ანუ უძრავ აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე, შესაბამისი პლატფორმის შექმნაზე. ასე რომ, როგორც ხედავთ სააგენტოს ფარგლებში ბიზნესისთვის ახალი მექანიზმები გაჩნდება.
დღეს არსებობს ბიზნესის სეგმენტი, რომელიც რჩება ბანკის დაფინანსების მიღმა იმ ნაწილში, რომ კრედიტით არის გადატვირთული, მას ვეღარ აძლევს ბანკი მეტ სესხს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ნამდვილად აქვს განვითარების პერსპექტივა. ამ კომპანიებს სჭირდებათ ახალი მექანიზმი და სწორედ ეს იქნება „ექვითი ფონდი“ .
მგონია, რომ კაპიტალური ბაზრის ახალი პროგრამები გადატვირთავს ბიზნესის ურთიერთიბებს ბანკებთან. ეს არანაკლებ სასარგებლო იქნება ბანკებისთვის, როგორც ზოგადად ქვეყნისთვის. ალბათ, პირიქით „დაბუსტავს“ ბევრ მიმართულებას. ვიცით, რომ ბანკებიც ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯებს დგამენ - არსებობს „თიბისი კაპიტალი“, „ჯი კაპი“. კონკურენციაში შესვლას არ ვაპირებთ, თუმცა ვფიქრობ, რომ კონკურენცია ამ დარგში და ამ ნაწილში მხოლოდ მისასალმებელია.
აქ საუბარი არ არის მსხვილ ბიზნესზე. აქცენტირებულად ვსაუბრობთ მცირე და საშუალო ბიზნესზე. „აწარმოე საქართველოში“ მანდატი Invest in Georgia-ს და ექსპორტის მიმართულების გარდა, არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ამიტომ მივყვებით ამ შინაარსსა და პროფილს. მიუხედავად იმისა, რომ ბონდების გამოშვებაში დავეხმარებით კომპანიებს, აქაც ლაპარაკი არ არის ძალიან მსხვილ კომპანიებზე, რომლებსაც აქვთ სახსრები და შესაძლებლობები ამ ყველაფრისთვის. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ წარმატებულ კომპანიებს და დავაფიქროთ ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე.
რამდენიმე სექტორს გამოვყოფ - ერთი სექტორი ე.წ BPO ანუ ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრია. ეს მსოფლიოში დიდი ინდუსტრიაა და ყველაზე მსხვილი კომპანიები, ძირითადად მომსახურების მიმართულებას თავიანთ ოფისებში არ ახორციელებენ და აუთსორსზე გააქვთ, რადგან ეს უფრო ხარჯეფექტურია. ამ სეტქორიდან ტოპ მოთამაშეები საქართველოშიც გვყავს და დღესდღეისობით, ყოველდღიურად იზიდავენ ახალ კადრებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინდუსტრია შედგა, რადგან საქართველოში უკვე საქმიანობენ - Majorel, Concentrix, Teleperformance,Webhelp…
საინტერესო ფაქტი მოხდა, „მეიჯორელთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და ის გაშლილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, შემდეგ შემოვიყვანეთ ახალი კომპანია, „ტელეპერფორმანსი“ რომელიც უფრო დიდია „მეიჯორელზე“. მან შემოყვანიდან ოთხ თვეში იყიდა „მეიჯორელი“ და მოხდა გამსხვილება. დღეს, ორივე ბრენდი რჩება ბაზარზე და განაგრძობენ კადრების აყვანას. ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს დიდი ძალისხმევა აღარ დაჭირდება, სექტორი თვითონ განვითარდება. მსოფლიოში ყველა კომპანიამ იცის, რომ რადგან ეს მსხვილი მოთამაშეები საქართველოს ბაზარზე არიან, ეს ნდობის ფაქტორს აკმაყოფილებს.
წინასწარ არ მინდა თქმა, თუ რისგან შედგება სააგენტოს სტრატეგია, მაგრამ შემდეგი კიდევ ერთი მიმართულება იქნება კომპანიების დამატება, რომლებიც დაგვეხმარებიან ინვესტიციების მოზიდვაში. ჩვენ ვნახეთ, რომ საზღვარგარეთ ოფისები ეფექტურია, თუმცა ჩნდება კითხვა - დღეს ჩვენი განვითარების დონის ქვეყნისთვის რამდენად მიზანშეწონილია, რომ ყველა ქვეყანაში სადაც მუშაობ გვქონდეს ოფისი, რომელიც მოიზიდავს ინვესტიციებს. ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და დროსთან.
ამიტომ ვიპოვეთ ალტერნატივა, ვქირაობთ კომპანიას, რომელსაც აქვს სანაცნობო წრე და დიდი ქსელი. ამ კომპანიაში ძირითადად დასაქმებულები არიან ყოფილი მინისტრები, ყოფილი პარლამენტარები. ის ადამიანები, ვისთვისაც კადრები, რომლებსაც ვეძებთ არიან ხელმისწავდომი. ასეთი კომპანიაა OCO Global რომელიც ჩვენი მიმართულებით ფარავს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიას. თუმცა წელს უკვე დავაკონტრაქტეთ მეორე კომპანია - Wavetec, რომელიც დაგვიფარავს უკვე აზია-ამერიკის მიმართულებას.
ახალი ფინანსური მექანიზმების დამატებას არ ვფიქრობთ, რადგან სტრატეგიის მიზნები შესრულდა ე.ი. რაღაცას სწორად ვაკეთებთ. სააგენტოს უფრო ამბიციური გეგმები ექნება, უფრო მეტ კომპანიას მოიზიდავს, თუმცა ახალი სექტორის დამატებას არ ვფიქრობთ, აქცენტებს შევცვლით და ლოგისტიკაზე დაკონცენტრირდებით უფრო მეტად, რადგანაც ვხედავთ, რომ გეოპოლიტიკური კონფლიქტების გამო, ჩრდილოეთ კორიდორს პრობლემა აქვს, რამაც ჩვენი დერეფნის დატვირთვა გაზარდა, გაიზარდა მოთხოვნა და ამ მოთხოვნას უნდა ვუპასუხოთ. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სპეციალური პროგრამები გვაქვს - FDI გრანტი, „აწარმოეს“ პროგრამები, გვჭირდება ბევრი ინვესტიცია, რომ აშენდეს ბევრი საწყობი, მშრალი პორტი, ღრმაწყლოვანი პორტი. ამ მიმართულებით ალბათ კონცენტრაციას შევცვლით.
ერთ-ერთი არგუმენტი, რასაც ინვესტორებთან საუბრისას ვიყენებთ არის ის, რომ დღეს ყველაზე კარგი დროა საქართველოში ინვესტირებისთვის, ჩვენ ვადგავართ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას და ახლა კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ინვესტორისთვის ერთის მხრივ საინტერესოა, რადგან ბაზარი იზრდება, მაგრამ მეორეს მხრივ ქვეყანა ხდება უფრო ბიუროკრატიული და ნაკლებად მოქნილი, ამიტომ სანამ შევალთ ევროკავშირში, არის დრო რომ უკეთესი პირობებით, უფრო მეტი მოქნილობით და ნაკლები რეგულაციებით ინვესტორი შემოვიდეს ქვეყანაში.
ვფიქრობთ, რომ ახლა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ინვესტორების ახალი სეგმენტი გაგვეხსნება, ეს იქნება ჩვენი სავიზიტო ბარათი. დღეს ვაცხადებთ რომ გვაქვს ასოცირების შეთანხმება, რომელიც ევროპულ პერსპექტივამდე გაიზარდა, თუმცა, როდესაც ჩვენი პრეზენტაციაში გამოჩნდება უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს ჩვენდამი ნდობას სულ მცირე 70%-ით აამაღლებს.
დიახ, ამას ვეუბნებით და ეს „იჩქარეს“ ეფექტი, ბევრ ინვესტორზე უფრო პოზიტიურად მუშაობს.
საელჩოები და საზღვარგარეთ ჩვენი წარმომადგენლობები არის ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენს საქმეში. საპატიო კონსულები აქტიურად გვეხმარებიან და ალბათ მათ გარეშე ეს საქმე არ გამოვიდოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი პარტნიორობა განსაკუთრებულია, მეგობრები ვართ და ყოველდღიური შეხება გვაქვს. აწყობილი გაქვს ისეთი სისტემა, სადაც მათი და ჩვენი მხრიდან თანამშრომლები პერმანენტულად კონტაქტზე არიან და ინფორმაციის გაცვლა ხდება ძალიან სწრაფად. როდესაც ინვესტორი მივა საელჩოსთან, იქ ზუსტად იციან, რა არის იმ დროსითვის ჩვენი შეთავაზებები და ძალიან სწრაფად ხდება პირველადი ინფორმაციის მიწოდება იმისთვის, რომ ინტერესი გამოიწვიონ. შემდეგ სპეციალური ბლანკის შევსებით ჩვენთან გადმოამისამართებენ და ფაქტობრივად, საელჩოსთან შეხვედრის შემდეგ, მეორე საღამოს უკვე ჩვენგან ეგზავნებათ მეილი, იწყება ინვესტიციებზე მოლაპარაკებები.
რომ არა ჩვენი საელჩოები, ის თანამშრომლები, რომლებიც ეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ, მაღალკვალიფიციური ელჩები, რომლებიც ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებითაც ძალიან აქტიურია, ალბათ ჩვენ დღეს ეს შედეგები არ გვექნებოდა. თუმცა, გვინდა, რომ მეტი წარმომადგენლობა გვქონდეს ბიზნესის ნაწილში და ჩვენს საელჩოებს დავეხმაროთ კიდევ უფრო მეტად, სწორედ ამიტომ გვყავს კონსულტანტი კომპანიები, რომლებიც საელჩოს ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებენ, თუმცა არიან დამატებითი ბონუსი.
80 საელჩოს თანამშრომლებს ჩავუტარეთ ტრენინგები, დავიქირავეთ ცნობილი ბრიტანული კომპანია, რომელიც ეკონომიკურ დიპლომატიაში ძალიან გამოცდილია და ზუსტად ეს გვეხმარება იმაში, რომ ყველამ ერთ ენაზე ვისაუბროთ.
ამ 3,5 მლრდ-დან 1-1,5 მლრდიანია ერთი მეგაპროექტია, რომელიც ეხება უძრავი ქონების მიმართულებას. მეტ დეტალებს ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ეს იქნება ათწლეულის, ოცწლეულის პროექტი, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. ეს პროექტი საქართველოს, მათ შორის თბილისს, ზღვისპირეთს და სხვა რეგიონებს გაუზრდის ღირებულებას. აქ ნახევარი პროცესი გავლილია, მთავარი გადაწყვეტილებები მიღებულია.
დანარჩენი პროექტები ეხება ლოგისტიკას, წარმოებას. წარმოების მიმართულებით ნიშურ წარმოებებზე ვკონცენტრირდებით, როგორიცაა ელექტრონაწილები, ავტონაწილები, საჰაერო ნაწილები, ელექტროტექნიკის აწყობა და რა თქმა უნდა ლოგისტიკური პროექტები გვაქვს. ამ 3,5 მლრდ-ს დიდი დრო არ დასჭირდება. აქედან მომავალ წელს შესაძლოა, რამდენიმე პროექტი გამოვაცხადოთ კიდეც.
რომ განვმარტოთ საზოგადოებისთვის, როუდშოუ ნიშნავს იმას, როდესაც ჩვენ პირდაპირ ჩავდივართ ინვესტორებთან, წინასწარ ჩანიშნულ შეხვედრებზე და მათ ცალ-ცალკე ვხვდებით. ჩვენ არ ვარჩევთ ქვეყნებს, არამედ ვარჩევთ კომპანიებს. ეს კომპანია შეიძლება იყოს ავსტრიაში, იტალიაში ან ამერიკაში და ერთ-ერთი მექანიზმი, რაც გვეხმარება არის დარგობრივ გამოფენებზე დასწრება. მაგალითად, ავტონაწილების გამოფენა ფრანკფურტში, საჰაერო ნაწილების გამოფენა ორლანდოში. ამიტომ, როდესაც ვარჩევთ სად წავიდეთ, ვსწავლობთ იმ კომპანიების სიას, რომელიც გამოფენას ესწრებიან და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოვძებნეთ კომპანია, რომელიც გვაინტერესებს და მასთან ჩაინიშნა შეხვედრა, გავიღებთ ხარჯს და მივდივართ. ჩვენ არასდროს არ დავდივართ გამოფენებზე იმიტომ, რომ მონაწილეობა მივიღოთ. დაახლოებით 9-10 ადამიანი მუშაობს ინვესტიციების მიმართულებით, ფინანსურადაც შეზღუდული ხარ, ამიტომ ჩვენი ყველა სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობა უნდა იყოს გაზომილი და ეფექტური.
მაგალითად, ხშირად გვეკითხებიან, რატომ არ ვემუშავებით „მერსედესის“ ქარხანას, რომ მაგალითად ძრავები ავაწყოთ საქართველოში. მარტივად ვპასუხობთ, ეს რეალისტური არ არის. ამაზე უნდა დახარჯო დიდი დრო და თან ამას სჭირდება 30-40 წელი. მაგალითად, პოლონეთში „მაიკროსოფტი“ შევიდა, რისთვისაც 10-15 წელი ემზადებოდნენ და გაიღეს უდიდესი ინვესტიციები. არარეალისტური, ხანდახან პოპულისტური პროექტები, ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად და ზუსტად ამიტომ ხდება შემდეგ ხარისხიანი ინვესტიციების შემოტანა ჩვენთან.
ყველა როდშოუ, რომელზეც წავალთ, ყველა შეხვედრა იქნება ადეკვატური. ახალმა სტრატეგიამ აჩვენა, რომ სწორმა ანალიზმა ვის ხვდები, უზრუნველყო ამ შეხვედრების ხარისხი.
იყო შემთხვევები, როდესაც ჩავდიოდით და შევხვდებოდით ვთქვათ, „ნოკიას“. ავტომატურად იწყებდნენ განხილვას, როგორია ჩვენი სისტემების გაყიდვების მაჩვენებელი თქვენთან? როდესაც ინვესტორი ავტომატურად განიხილავს თავის ინტერესს, ვხვდებით, რომ ის ფულს არ ჩადებს. არ იმუშავა ამ მიმართულებამ და შევცვალეთ.
ყურადღებას ვაქცევთ დიდი კომპანიების წლის შემაჯამებელ რეპორტებს, სადაც წერენ, რომ გეგმავენ ოპერაციების გაფართოებას კონკრეტულ რეგიონში. მაგალითად, აინტერესებთ ახალი ბაზარი ცენტრალური აზია, როცა ამას ვხედავთ და ევროპული კომპანიაა, საინტერესო დეტალები იკვეთება - ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ცენტრალურ აზიასთანაც და ევროკავშირთანაც, შესაბამისად, ლოგიკურია საქართველოს შეთავაზება. თუ ვხედავთ ასეთ სიგნალებს, ჩავდივართ და პირდაპირ ვეუბნებით, ვიცით რომ გეგმავთ ცენტრალურ აზიაში რაღაცის გატანას და ხომ არ ვიფიქროთ საქართველოში საწარმოს გადმოტანაზე?
ინვესტიციების მოზიდვა, რამე განსაკუთრებული დარგი არ არის - ყველა სფეროში ორივე მხარეს ადამიანები არიან, მათ შორის ინვესტიციებშიც. როცა მათ კონკრეტულ პროექტზე ესაუბრები, აუცილებლად გადაამოწმებენ ინფორმაციას. როცა ვეუბნებით ინვესტორს, რომ საქართველო მე-7 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივით, მესამე ადგილზეა გადასახადებით და ზოგადად მაკროეკონომიკურად დავაინტერესებთ, შემდეგ ეს ადამიანი თანდათან სვამს სიღრმისეულ კითხვებს. მაგალითად, როგორია ხელფასები, ინდექსებში როგორ არის ქვეყანა.
Bloomberg-თან ვთანამშრომლობთ გლობალურად, ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად. ვთანამშრომლობთ გამოცემებთან, ჟურნალებთან, რომელსაც რიგითი მოქალაქეები არ წაიკითხავენ, მაგრამ ინვესტორის ან კომპანიის მფლობელი ამ ინფორმაციას ნახავს, იმიტომ რომ მისთვის მიზნობრივი გამოცემაა. ყველა კვლევას შევხედეთ, რა არის ინფორმაციის წყარო და შემდეგ ყველა მიმართულებით დავიწყეთ მარკეტინგული ხარჯის გაღება. ეს გაცილებით იაფია, ვიდრე 10 რეკლამა გაუშვა BBC-სა და CNN-ზე და ბევრად უფრო შედეგის მომტანია.
ყველა მიმართულებით, სადაც ინვესტორმა შეიძლება კითხვა დასვას, საქართველო დახვდება. ბევრმა ინვესტორმა თქვა, იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ აქ იყო მათი კონსულტანტი და მიაწოდა ინფორმაცია. შემდეგ ნახა სტატია საქართველოზე, ვებინარს დაესწრო და ა.შ. ასე ვთქვათ, ამ ყველაფრით ხმაურს ვქმნით...
გაგვიმართლა, რომ ინიციატივებთან მიმართებით დიდი მიმღებლობაა, სამინისტროსგან, პირადად მინისტრისგან, პრემიერ-მინისტრისგან. შესაბამისად, ყველა კარგად დამუშავებული ინიციატივიდან უმეტესობა განხორციელდა. ვერ ვიხსენებ პროექტს, რომელიც გვინდოდა და არ გამოვიდა.
განხორციელებული პროექტებიდან, ერთ-ერთი ტრანსფორმაციაა საკონსულტაციო ცენტრები, ე.წ „გროუსჰაბები“, რომელიც უკვე გავხსენით ზუგდიდში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ემსახურება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სერვისების რეალური დეცენტრალიზაცია მოხდება, რეგიონში გაჩნდება საკონსულტაციო ცენტრები, სადაც ადგილობრივი მეწარმე მივა, აბსოლუტურად ციფრულად ჩაუტარებენ დიაგნოსტიკას, შეივსება კითხვარი. შემდეგ მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება - რა სჭირდება მეწარმეს. საკონსულტაციო ცენტრი, ჩვენთან კოორდინაციით დაუგეგმავს მეწარმეს კონკრეტულ მიმართულებებს - იქნება ეს ტრენინგი, ბუღალტერია, ფინანსური აღრიცხვა, მარკეტინგი, ბრენდინგი, გაყიდვები, იგივე „ბუქინგზე“ როგორ განათავსოს ოჯახური სასტუმრო. ნებისმიერი მარტივი თემიდან დაწყებული, რთულით დასრულებული.
თუ მეწარმეს სჭირდება ახალი ლოგო, შეფუთვის გაკეთება 20 ათას ლარამდე ავუნაზღაურებთ ამ თანხას, თუ ჭირდება ბუღალტერიის ტრენინგი და ნებისმიერი საკონსულტაციო მიმართულება ჩვენ დავუფარავთ ამ ხარჯებს. ყველაფერი ეს მოხდება შეგნებულად და გაზომილად. ამ პროექტს ვუყურებ ყველაზე იმედიანად, რომელიც მეწარმეების ტრანსფორმაციას მოახდენს. ამ პროექტის მთავარი მიზანია, რომ მეწარმე აღარ ჩამოვა რეგიონიდან თბილისში და ის ადგილზე მიიღებს საჭირო კონსულტაციას. გვინდა, რომ ეს საკონსულტაციო ცენტრი გახდეს ძლიერი ინსტიტუტი.
მაგალითად, ინგლისში შეფილდის საკონსულტაციო ცენტრი არის მანჩესტერსა და სხვა დიდ ქალაქებზე ბევრად უფრო ძლიერი. გვინდა რომ გაჩნდეს კონკურენცია საკონსულტაციო ცენტრებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ქოლგა ორგანიზაცია ჩვენ ვართ. ამას გამოვყოფდი ყველაზე სასიამოვნო პროექტად, რომელიც გვიხარია.
დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ახლა უკვე მესმის ინვესტორების, რომლებიც ინტერესდებიან თქვენთან საუბრის შემდეგ...
აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემი წვლილი პროცენტულად მცირეა იმ ძალისხმევაში რასაც ჩვენი გუნდი აკეთებს. ჩვენს სააგენტოში მუშაობენ ადამიანები, რომელთაც უყვართ თავისი საქმე და გაცნობიერებული აქვთ, რომ ყოველდღიური მუშაობით დიდ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, მათ შორის ინვესტიციების მიმართულებით. ასე რომ, მე ვარ ერთ-ერთი ნაწილი იმ ძალისხმევისა, რასაც თუნდაც ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში სააგენტო აკეთებს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში