ქართული ბიო წვენების მწარმოებელი კომპანია „ბიპისი” (BPC), რომელიც წლების უკან ბაზარზე ასკილის წვენით გამოჩნდა, მალე Amazon-ზე საკუთარ მაღაზიას გახსნის და აღნიშნული პლატფორმითაც დაიწყებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას „ბიპისის“ თანადამფუძნებელმა მერაბ აბაშიძემ განაცხადა, კომპანია საკუთარ პროდუქციას „ანოს“ და „ჰელიოს“ ბრენდით ყიდის და მის წარმოებას უკვე ნატახტარში 3 წლის უკან გაშვებულ საწარმოში ახდენს.
„ბიპისი" ოჯახური ბიზნესია,რომელიც 2010 წელს დაარსდა და სპეციალიზებულია ნატურალური და ორგანული წვენების წარმოებაზე. დღეისათვის კომპანია აწარმოებს წვენებს ასკილის, ალუბლის, ბროწეულის და ვაშლის ნაყოფებისგან. წარმოების ტექნოლოგია დაფუძნებულია ძველ ქართულ ტრადიციულ მეთოდებზე და მასიური წარმოების ისეთ ტექნოლოგიურ პროცესებზე, რომ წვენებმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ნატურალური შინაარსი და ფუნქციონალურობა.
ამასთან, „ბიპისი“ ქართული ნედლეულით წარმოებული BIO და USDA Organic სეტიფიკატის მქონე პირველი ქართული წვენის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიღწევაც კომპანიის კორპორატირული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროექტით მოხდა.
როგორც მერაბ აბაშიძე განმარტავს „ბიპისის“ პროდუქციიდან ყველაზე მოთხოვნადი მაინც ასკილის წვენია.
„ასკილის წვენი ჯანსაღი და სასარგებლოა. თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ ასკილი უებარი წამალია. ცნობილ, გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში უკვე აქტიურად იბეჭდება სტატიები ასკილის ჩაის სიკეთის შესახებ“, - აღნიშნა მერაბ აბაშიძემ.
ასკილის წვენის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს კომპანია მოსახლეობისგან იბარებს.
„ასკილის დაკრეფა ხდება მოსახლეობის მიერ, რომელსაც ჩვენ ვიბარებთ, ვაშრობთ და შემდგომ საჭიროებისამებრ ვიყენებთ. მთლიანად ადგილობრივ ასკილზე ვართ. საქართველოში იმდენი ასკილი მოდის, თან განსხვავებული გემური თვისებებით გამოირჩევა. გვქონია საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი ასკილის, მაგრამ კულტივირებული ასკილის მთლად ისეთი ვერ არის, როგორც ველური. ამიტომაა, რომ ჩვენ მხოლოდ ველურ ასკილს ვიბარებთ. ამასთანავე გვაქვს ორგანული სერტიფიკატი“, - აღნიშნა BPC-ს თანადამფუძნებელმა,
კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 70%-ი ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 30%-ი საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება.
BPC-ის პროდუქცია წლებია აშშ-ს ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა ამერიკისა გარდა ბიო წვენების რეალიზაცია ხდება ასევე პოლონეთსა და ჩეხეთში.
„სულ ახლახანს ვიყავით გამოფენაზე გერმანიაში, სადაც საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა და უკვე ვიცით, რომ მალე გერმანიის ბაზარზეც შევალთ“, - ამბობს მერაბ აბაშიძე.
კომპანიის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ წლიდან წლამდე კომპანიის წარმოება 10%-ით იზრდება. 2023 წელს BPC-მ მთლიანობაში 125 ტონამდე წვენი ჩამოასხა.
როგორც პროდუქციის აღწერაში წერია, ასკილის წვენი იმუნიტეტის გამაძლიერებელი სასმელია, რომელმაც ლონდონის საერთაშორისო კონკურზე (BIFDA) მოიპოვა 2012 წლის საუკეთესო იმუნიტეტის დამცველი წვენის ტიტული. იწარმოება ყოველგვარი არომატიზატორის, საღებავის, სხვა დანამატისა და რა თქმა უნდა კონსერვანტების გარეშე.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში