მანილა, ფილიპინები (17 ნოემბერი, 2023) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა 48 მილიონი აშშ დოლარის სესხი საქართველოში საირიგაციო სისტემის მოდერნიზებისა და ინსტიტუციური რეფორმების მხარდასაჭერად.
კლიმატგონივრული ირიგაციის დარგობრივი განვითარების პროგრამა, რომელიც ADB-ს პირველი პროექტია საქართველოს სოფლის მეურნეობაში, მიზნად ისახავს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის კლიმატგამძლეობისა და პროდუქტიულობის გაზრდას. პროგრამის საშუალებით კახეთში, ქვემო სამგორის საიგირაციო სისტემის ტერიტორიაზე, დაახლოებით 7000 ჰექტარზე თანამედროვე მილსადენი სარწყავი სისტემა მოეწყობა.
„საქართველოს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა განავითაროს სოფლის მეურნეობა და გაზარდოს მისი წვლილი ეკონომიკაში,“ განაცხადა ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა. „ახალი პროგრამა დაეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემების მოდერნიზებაში, სურსათით უზრუნველყოფისა და ადგილობრივი მოსახლეობის სავაჭრო შესაძლებლობების გაზრდაში.“
პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას გააუმჯობესოს პოლიტიკა და ინსტიტუციური ჩარჩო წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საირიგაციო სერვისების მიმწოდებელი საწარმოების ეფექტიანობისთვის.
საბიუჯეტო სესხი მოიცავს მმართველობისა და მართვის გაუმჯობესებას საქართველოს მელიორაციის საირიგაციო სერვისების ანგარიშგების, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. ტარიფებისა და ხელშეკრულებების სისტემის ცვლილება გააუმჯობესებს წყლის მოხმარების ეფექტიანობასა და სარწყავი სისტემების ფინანსურ მდგრადობას, ხოლო იურიდიული და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება დაეხმარება წყლის რესურსების მდგრად მართვას.
დარგობრივი განვითარების პროგრამის სქემა შეირჩა, განვითარების დაფინანსების, რეფორმებისა და პროექტების მიზნობრივი დაფინანსების საკითხების გადასაჭრელად. სტრატეგიული და საინვესტიციო კომპონენტები ერთმანეთს გააძლიერებს და მაქსიმალურად გაზრდის ADB-ს პროექტის სარგებლიანობას.
ქვემო სამგორის საირიგაციო სისტემის მოდერნიზება გულისხმობს შერეული - მილსადენებისა და ღია სარწყავი არხების ჯამში 630 კილომეტრიანი ქსელის შექმნას საირიგაციო წყლის მიწოდებისთვის, რაც ჩაანაცვლებს თანამედროვე ღია არხების სისტემას.
პროგრამა ფერმერებს დაეხმარება განაახლონ და გააუმჯობესონ თავიანთი სარწყავი და სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები ისეთი მაღალი ღირებულების მოსავლის მისაღებად, როგორიცაა ვენახები. ეს მოიცავს კლიმატგონივრული წყლის მართვისა და ირიგაციის მეთოდებს, ადგილობრივი წყლის შენახვისა და გადამუშავების შესაძლებლობებსა და მიწის ეროზიისგან დაცვის ღონისძიებებს.
„პროგრამა გაზრდის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაყოფიერებას ინოვაციური სოფლის მეურნეობის წარმოებისა და სარწყავი ტექნოლოგიების დანერგვის გზით,“ განაცხადა ADB-ის პროექტის ოფიცერმა იაოჟუ ჟუმ. „სულ მცირე 1000 ფერმერი ისარგებლებს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით როგორიცაა წვეთოვანი და დაწვიმებითი სარწყავი სისტემები. ეს ვაჭრობის შესაძლებლობების გაზრდაშიც დაეხმარებათ.“
პროგრამა თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027-სა და საირიგაციო სტრატეგია 2017-2025-თან.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში