USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის პორტში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები - ლევან დავითაშვილი

ანაკლიის პორტში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები - ლევან დავითაშვილი

2024-06-20 12:18:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად ჩინური კონსორციუმის გამოცხადებას რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება, ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა, ასევე კომენტარი გააკეთა პროექტში ჩინური კომპანიის ჩართულობის რისკებთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივად გვაქვს დიალოგი, მეც უშუალოდ და მათ აქვთ სრული ინფორმაცია. იცით, რომ კონსორციუმის ერთი კომპანიაზე იყო საუბარი. ჩვენ გვყავს მეორე კომპანია ჩაინა  ჰარბურ ინვესტმენტი მეორე კომპანია. ასევე გვყავს რამდენიმე ქვეკონტრაქტორი და ასევე მოიაზრება რამდენიმე მაღალი რეპუტაციის მათ შორის ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა.ზოგადად ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ ამ პორტის და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული, კომერციული ინტერესები. ამიტომ ეს პროცესიც მიმდინარეობს და მაქსიმალური პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება დიალოგს, რომ დაზუსტდეს ის საკითხები, რაზეც მე მქონდა საუბარი საჯაროდაც, იმისთვის, რომ სრულ შესაბამისობაში იყოს მიღებული წინადადება ჩვენს სატენდერო მოთხოვნებთან. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ გამოვაცხადებთ გამარჯვებულს და განვაგრძობთ მათთან თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობას, “ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, რაც შეეხება ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების ნაწილს,ამ საკითხზე მუშაობა საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად მიმდინარეობს და დეტალების დაზუსტებას ერთი ან ორი კვირა დასჭირდება.

„ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად. გვყავს აყვანილი საერთაშორისო საინჟინრო ბელგიური კომპანია, რომელიც არის სამშენებლო ნაწილში ჩვენი კონსულტანტი. რომელიც აზუსტებს დეტალებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას დასჭირდება ერთი ან ორი კვირა. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა და ბუნებრივია, ჩვენ გვინდა ხარისხიანი შედეგი დაიდოს ორივე მიმართულებით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. 

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში 51%-იანი წილი სახელმწიფოს, ხოლო კერძო პარტნიორს 49% ექნება. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დასჭირდება.

ეკონომიკის სამინისტრომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოო ფაზაზე მხოლოდ ორი ჰოლდინგი შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი გადავიდნენ 2023 წლის 22 სექტემბერს გაასაჯაროვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები