პროექტ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში რიგით მე-9 დისკუსია გაიმართა, რომლის თემაც იყო „აგრარული პოლიტიკა საქართველოში“.
პანელურ დისკუსიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “საქართველოში სოფლის განვითარების ხელშეწყობა” პროექტის მენეჯერი ნოდარ კერესელიძე და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი მონაწილეობდნენ.
დისკუსიის ფარგლებში, პანელის მონაწილეებმა, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მიღწევები და გამოწვევები მიმოიხილეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, დარგის ხელშესაწყობად სოფლის მეურნეობის სამინისტრო 15-მდე პროექტს ახორციელებს, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო ფორუმი შედგა და საინტერესო საუბარი გვქონდა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც კერძო ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულები არიან სოფლის მეურნეობის სექტორში.
ჩვენ ვიმსჯელეთ სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ მიღწევებზე, თუ რა შედეგები გაქვს ბოლო წლების განმავლობაში, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროგრამას ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერისთვის.
ვიმსჯელეთ ასევე თუ რა გამოწვევები გაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ 15-მდე პროგრამას, რომელსაც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს დარგის სხვადასხვა მიმართულების მთელი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდასაჭერად.
გვექნება ასევე გარკვეული სიახლეები, ჩვენი პროგრამების სხვადასხვა კომპონენტის ნაწილში. ეს ბუნებრივი პროცესია, ვინაიდან ჩვენ არსებული საჭიროებების მიხედვით ფერმერებთან ერთად, ასოციაციებთან ერთად შეგვაქვს კონკრეტული ცვლილებები პროექტებში.
გვაქვს სიახლეები და გვექნება მომავალ წელსაც. მთავარია, სახელმწიფო გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას დარგის შემდგომი განვითარებისთვის, როგორც ტექნიკის მხარდაჭერის ისე გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შემდგომი გაფართოების მიმართულებით.
ასევე გაგრძელდება მხარდაჭერა მარკეტინგის ნაწილში, ჩვენი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის ბაზრების დივერსიფიცირების ნაწილში და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება ჩვენი ფერმერებისთვის“- აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის თქმით კი, ბანკისთვის აგრო ბიზნეს პორტფელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბანკის ხელმძღვანელის განმარტებით, მხარეებმა ფერმერებისთვის იაფიან რესურსზე ხელმისაწვდომობაზეც იმსჯელეს.
„საინტერესო მსჯელობა შედგა სოფლის მეურნეობის დარგში დაფინანსებასთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა გამოწვევები აქვს დარგს ამ კუთხით და როგორია სახელმწიფოს როლი სხვადასხვა ტიპის სუბსიდიების მიმართულებით. „დანერგე მომავალი“ იქნება ეს თუ ტექნიკის შეძენის ნაწილში დახმარებები უმნიშვნელოვანესია. დადებით შედეგებს აქ ვხედავთ. ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა გამოწვევებზე, რომლის დაძლევაც შესაძლებელია, რათა ფერმერებს წვდომა ჰქონდეთ მეტ იაფიან რესურსზე.
საქართველოს ბანკის აგრო ბიზნეს პორტფელი წლიდან-წალამდე იზრდება და ამ კუთხით საკმაოდ დიდი ზრდა გაქვს განსაკუთრებით მსხვილ აგრო ბიზნეს სესხებთან მიმართებით“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
UNDP-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერის თქმით, ევროკავშირი ევროპულ ოჯახთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
„სოფლის მეურნეობის სფერო და სოფლის განვითარების სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ვინაიდან აგრარული პოლიტიკა ეს არის საერთო ევროპული პოლიტიკა, რომელსაც წევრი ქვეყნები და ასევე კანდიდატი ქვეყნები გარკვეულწილად ახორციელებენ თავიანთ ქვეყნებში და საქართველო, როგორც უკვე პოტენციურად კანდიდატი ქვეყანა ძალიან მალე იმ ინსტრუმენტის მიმღები გახდება, რომელიც ხელმისაწვდომია კანდიდატი ქვეყნებისთვის და ეს პროცესი მოითხოვს სიღრმისეულ გადაწყობას ინსტიტუციური და მმართველობითი რგოლების, რომლებიც ჩართულები არიან სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში და განხორციელებაში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში თავად ევროკავშირის ძალიან დიდ ძალისხმევას წევს საქართველოში ამ სისტემის ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ბევრი ნაბიჯი გადადგმულია ამ მიმართულებით და შესაბამისად ამ ახალ ინსტრუმენტზე გადასვლის პროცესში ეს ნაბიჯები და ის შედეგები რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის გარკვეულწილად ხელისშემწყობი იქნება და ასევე დროის თვალსაზრისითაც, უფრო მოკლე დროში იქნება რიგი რეფორმების განხორციელება შესაძლებელი.
გარდა ინსტიტუციური მოწყობისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად ფერმერთა და აგრობიზნესების მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებებს და კონკრეტულ პროგრამებს, რომელიც უფრო თანხვედრაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან.
ამ კუთხითაც მთელი რიგი ცვლილებები იქნება განსახორციელებელი მომავალ წლებში. მთლიან ამ პროცესში ვიდრე ჩვენ კანდიდატობის პერიოდს გავივლით და შემდგომ წევრობის შემთხვევაში ევროკავშირის აგრარული პოლიტიკას უნდა დაუახლოვდეს საქართველოს აგრარული პოლიტიკა.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), როგორც ევროკავშირის პროგრამის ENPARD-ის განმახორციელებელი, აქტიურად თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, რათა ყველა მოთხოვნასა და კომპონენტში რაც კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ ევროკავშირის შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების კუთხით, აღმოვუჩინოთ ტექნიკური მხარდაჭერა როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
Business Insider Georgia-ს დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის თქმით კი, როდესაც საუბარია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მსგავსი დისკუსიების ორგანიზებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ჩვენ უკვე მე-9 დისკუსიას ვუმასპინძლეთ. განსაკუთრებით საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხებოდა საქართველოს აგრარულ პოლიტიკას. შედგა უმაღლესი რანგის დიალოგი სოფლის მეურნეობის მინისტრის, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის და UNDP-ის ჩართულობით.
დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდა როგორც ბიზნესსექტორი, ასევე სახელმწიფო, აკადემიური სექტორი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ახლა დგას ჩვენს წინაშე. მით უმეტეს როდესაც ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. დისკუსიები ამ თვალსაზრისით გაგრძელდება და ჩვენ ყველა მიმართულებას აუცილებლად დავფარავთ“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.
მიმდინარე ღონისძიება პროექტ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში უკვე მეცხრე დისკუსიაა. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დისკუსიების პარტნიორია ევროპის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies, მათ მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ.
ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება