2022 წელს შიდა ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 3.6%-ით შემცირდა და 16.3 მილიარდი ვიზიტი შეადგინა.
როგორც PMC Research-ის კვლევაშია აღნიშნული, მიუხედავად წლიური შემცირებისა, შიდა ვიზიტების რაოდენობამ მაინც 14.6%-ით გადააჭარბა პანდემიამდელ რაოდენობას, რაც მიუთითებს შიდა ვიზიტორების მხრიდან ტურისტულ აქტივობებზე გაზრდილი მოთხოვნის შენარჩუნებაზე, თუმცა შედარებით დაბალი მასშტაბით.
„2022 წელს შიდა ვიზიტებისას გათეული ღამეები საშუალოდ 1.9-ს შეადგენდა, რაც 10.6%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით და 5%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდეგ ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა დროებით გაიზარდა 2020-სა და 2021 წლებში.
ადგილობრივი ვიზიტორების განაწილება მონახულებული რეგიონების მიხედვით წინა პერიოდების მსგავსი იყო“, - აცხადებენ PMC Research-ში.
შიდა ვიზიტების ძირითადი დანიშნულების ადგილი იყო თბილისი (მთლიანი ვიზიტების 22%), რასაც მოსდევდა იმერეთი (17%) და აჭარა (11%).
აბსოლუტურ რიცხვებში, მცხეთა-მთიანეთის (შემცირდა 253,700 ვიზიტორით) და შიდა ქართლის (227,100-ით) ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ამავდროულად, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, შესამჩნევად გაიზარდა ვიზიტები თბილისსა (140,600-ით) და კახეთში (104,300-ით)
2022 წელს შიდა ვიზიტების განაწილება ვიზიტის ძირითადი მიზნის მიხედვით წინა წლების მსგავსი იყო.
ვიზიტების უმეტესობის (51%) მთავარი მიზანი იყო მეგობრების/ნათესავების მონახულება, რასაც მოჰყვებოდა მეორე სახლის (მაგ., აგარაკის) მონახულება (12%) და საყიდლები (12%).
ძირითად კატეგორიებს შორის პროფესიული ვიზიტები მთლიანი ვიზიტების მხოლოდ 3%-ს შეადგენდა.
შიდა ვიზიტორების ხარჯებმა 3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც აღემატება როგორც წინა წლის (9.8%-ით), ასევე 2019 წლის (61,7%-ით) მაჩვენებელს.
„2022 წელს ხარჯების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია. მთლიან დანახარჯებში ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა საყიდლების (32%), საკვების/სასმლის (23%) და ტრანსპორტის (21%) დანახარჯებმა.
აბსოლუტური მაჩვენებლებით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხარჯები ტრანსპორტის (75.5 მლნ ლარით), განთავსების (43.7 მლნ ლარით ) და საკვების/სასმლის (38 მლნ ლარით) კატეგორიებზე“, - აცხადებენ PMC Research-ში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში