USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უძრავ ქონებაზე მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა შემცირდა - Galt & Taggart-ი

უძრავ ქონებაზე მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა შემცირდა - Galt & Taggart-ი

2023-09-22 10:25:21

2023 წლის აგვისტოში თბილისში 3,552 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 9.3% და თვიურად 2.8%-იანი კლებაა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

„მნიშვნელოვანია, რომ პირველად ბაზარზე გაყიდვების ბევრად ნაკლები შემცირება დაფისირდა ვიდრე მეორადზე (-1.7% წ/წ და -14.6% წ/წ, შესაბამისად). ეს სავარაუდოდ მიუთითებს ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირებაზე, რადგან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა მიგრანტებისგან, რაც გასულ წელს ქირის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო“,- ნათქვამია მიმოხილვაში.

2023 წლის აგვისტოში წლიური გაყიდვები თბილისის თითქმის ყველა უბანში შემცირდა.

ზრდა მხოლოდ დიდი დიღმის (+17.8% წ/წ) და ნაძალადევის (+26.6% წ/წ) რაიონებში დაფიქსირდა.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია გაზრდილი ფასებით.

ფასები

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, ფასები პირველად ბაზარზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რასაც ასევე ხელს უწყობს დეველოპერების მხრიდან გადახდის მოქნილი სქემების შეთავაზება.

ამასთან, მეორად ბაზარზე ფასები ოდნავ შემცირდა თვიურად (ზრდა გრძელდება წლიურ ჭრილში), რადგან მოთხოვნა შესუსტდა ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირების გამო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ფიქსირდება შემდეგი ზრდის ტემპები პროექტების ტიპების მიხედვით:

• პირველადი ბაზრის პროექტები +39.4%
• მეორადი ბაზრის ახალი პროექტები +23.7%
• მეორადი ბაზრის ძველი პროექტები +15.3%

ბაზრის ზომა

2023 წლის აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო მოცულობამ 257.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.7%-იანი ზრდაა და ძირითადად გამოწვეული იყო პირველადი ბაზრის ზომის მნიშვნელოვანი ზრდით (+28.5% წ/წ). ეს უკანასკნელი პირველადი ბაზრის ბინებზე ფასების მკვეთრი მატების შედეგი იყო.

სამშენებლო ნებართვები

2023 წლის პირველ 8 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 48.7%-ით გაიზარდა, რაც შესაბამისობაშია 2020 წლიდან არსებულ ზრდის ტენდენციასთან.
აღსანიშნავია, რომ გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობას უფრო ნელი ზრდის ტემპი ჰქონდა (+20.7% წ/წ) ვიდრე საცხოვრებელ ფართობს, რაც მიუთითებს დაგეგმილი პროექტების გაზრდილ ზომებზე. ბევრი დეველოპერი დაინტერესდა უფრო მსხვილი საცხოვრებელი პროექტის მშენებლობით, რაც გულისხმობს რამდენიმე კორპუსის, ან ზოგ შემთხვევაში მთლიანი კომპლექსის მშენებლობას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები