USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში, ჩინეთისგან საქართველომაც უნდა მიიღოს სარგებელი - გიორგი ხიშტოვანი

სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში, ჩინეთისგან საქართველომაც უნდა მიიღოს სარგებელი - გიორგი ხიშტოვანი

2023-09-15 09:00:07

 

ზოგადად მთავრობის გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე არის მისასალმებელი, ვინაიდან ჩინეთი მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „პი ემ სი“ კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განუცხადა.

„ასევე მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეორეა და შესაბამისად, თუ საუბარია ტურიზმის მხარდაჭერაზე ჩინეთი ამ მიმართულებით დიდი ბაზარია და შესაძლოა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გახდეს, ჩინეთთან უკვე გვაქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა და სავიზო რეჟიმის გამარტივება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ავიატრანსპორტის განვითარებას.

აქედან გამომდინარე მეტი პოზიტივია და ჩინეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე რისკებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი აღდგენის მიუხედავად ტურიზმის სექტორში გამოწვევები მაინც რჩება, ვფიქრობ რომ ირიბად, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის სექტორის ზრდას“, -ამბობს ხიშტოვანი.

მისივე თქმით, სასურველია ანალოგიური გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობამაც მიიღოს და საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყანაში გამგზავრება გაუმარტივოს.

„რადგან ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა, სასურველია ასეთი გადაწყვეტილებები იყოს ორმხრივი და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებსაც გაუმარტივდეთ ჩინეთში მგზავრობა. ჩინეთს საქართველოსთან აქვს სავიზო რეჟიმი, რომელიც არ არის ხისტი, მაგრამ სასურველია პარტნიორებმა დაინახონ საქართველოს მთავრობის ეს ჟესტი და ჩვენს მოქალაქეებსაც გაუმარტივდეთ ჩინეთში ჩასვლა“.

რაც შეეხება ჩინეთის ინტერესებს, როგორც „პი ემ სი“ კვლევითი ცენტრის დირექტორი Business Insider Georgia-თან ამბობს, ამ ქვეყნის ინტერესი რეგიონთან მიმართებით დღეს არ დაწყებულა.

„როდესაც დაიგეგმა ერთი სარტყელი, ერთი გზის“ (BRI) სახელით ცნობილი ინიციატივა, ჩინეთი დაინტერესებული იყო მათ შორის დერეფნით, რომელიც საქართველოზე გადის. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი ამ ქვეყნის ინტერესი. მას აინტერესებს ევროპა და სატრანსპორტო დერეფნები ჩინეთიდან ევროპაში“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

ამასთან, სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში, ჩინეთთან ურთიერთობისას საქართველომაც უნდა მიიღოს სარგებელი.

„ჩვენ, როგორც ეკონომიკას უნდა გვაინტერესებდეს ჩინეთთან მეტი ვაჭრობა, მეტი ეკონომიკური და კულტურული გაცვლა, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციითა და მოსახლეობის განწყობის კუთხით ქვეყანამ კურსი აიღო დასავლეთისკენ და ჩინეთთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და NATO-ში ხელი არ უნდა შეუშალოს. აქ მნიშვნელოვანი მგონია, რომ ძალიან ფრთხილი, ნაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ჩინეთთან ვაჭრობას, კულტურულ გაცვლას არ ჰქონდეს უკუეფექტი დასავლურ ინსტიტუტებთან სწრაფვასთან მიმართებით.

რაც შეეხება ინვესტიციებს, ბოლო პერიოდში საქართველოში ახალი კაპიტალის მოზიდვა გართულდა. ვფიქრობ, ჩინეთს აქვს პოტენციალი, მაგრამ აქაც საჭიროა სიფრთხილე, რადგან ამან საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები არ შეაფერხოს“, - ამბობს „პი ემ სი“ კვლევითი ცენტრის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 30 დღე შეუძლიათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ლევან დავითაშვილის განმარტებით, აღნიშნული პერიოდი ტურიზმისთვის აბსოლუტურად მისაღებია.

მინისტრის განმარტებით, ყოველწლიურად ჩინეთიდან 150-ზე მეტი მილიონი ტურისტი სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს და ამ ტურისტების დანახარჯები სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 300 მილიარდამდეა. აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩინეთი მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა და მიზანია მეტი ტურისტის, მეტი ინვესტიციის მოზიდვა.

„ჩვენთვის ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს 3 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, გვინდა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში. იცით, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში. ჩინეთი დღეს მსოფლიოში არის მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა.

ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება. მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, ასევე მეტი ტურისტის მოზიდვა, საქართველოში ჩამოყვანა. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება. მთავარი შემადგენელი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები