რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია შეიცვალა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, წინა თვეში რუსეთიდან ფულადი ნაკადების მოძრაობამ მკვეთრად იკლო, თუმცა მიმდინარე 5 თვის (იანვარ-მაისი) მაჩვენებლებში ზრდაა. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მაისში ფულადი გზავნილების შემცირებას რუსეთში არსებულ ვითარებას უკავშირებს და დასძენს, რომ დროთა განმავლობაში კლების ტენდენცია გაგრძელდება.
,,მაისში რადიკალური ცვლილება რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში არ მომხდარა, რომელიც ვთქვათ რუსეთიდან იძულებითი ემიგრაციის ან საომარი მოქმედებასთან გარიდების ახალ ტალღას გამოიწვევდა. შარშანდელ პერიოდში გზავნილების ზრდა უკავშირდებოდა ომის ესკალაციას და საფრთხეს, რაც ომში გაწვევისა და გაურკვევლობით იყო გამოწვეული. შესაბამისად, ახალი მობილიზაცია თუ არ გამოცხადდა ან დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, ფულადი გზავნილების მოცულობა თანდათან შემცირდება. გავიხსენოთ, რომ 2022 წლის თებერვლის ჩათვლით რუსეთიდან გზავნილები მცირდებოდა, მილევად რეჟიმში იყო. დაახლოებით 15%-მდე ფიქსირდებოდა რუსეთის წილი მთლიან გზავნილებში, მაგრამ ომის გამო შექმნილმა სიტუაციამ ზრდა გამოიწვია", - აცხადებს არჩვაძე Business Insider Georgia- თან.
სტატისტიკოსი ფიქრობს, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება სავალუტო კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, თუ სხვა ეკონომიკური პარამეტრები სტაბილურობას შეინარჩუნებენ.
,,მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი მსოფლიოდან საქართველოში გზავნილების მოცულობა გაიზარდა 20%-ით, მათ შორის, წმინდა ტრანზაქციები 22, 3%-ით, როცა რუსეთის წილი შარშანდელთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული და ამჟამად 40%-ს უმნიშვნელოდ აღემატება. ვფიქრობ, რომ კურსზე ეს ფაქტორი დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ფულადი ტრანზაქციები, ეკონომიკური სტაბილურობა, პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების მოცულობა, ექსპორტ-იმპორტის სავაჭრო ბალანსი და რიგი სხვა გარემოებებია, ამიტომ მხოლოდ რუსეთიდან ტრანზაქციებზე არ უნდა უნდა იყოს ორიენტაცია აღებული, მხედველობაშია მისაღები ზოგადი ეკონომიკური სიტუაცია", - განმარტავს სოსო არჩვაძე.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 384.9 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 23.9%-ით (120.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა