ბოლო პერიოდში ლარი მყარდება ლირასთან მიმართებით, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე თურქული პროდუქცია უნდა გაიაფდეს, - Business Insider Georgia-ს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა განუცხადა.
„როცა ვალუტა სუსტდება, ლარით უფრო მეტი ლირისა და შესაბამისად უფრო მეტი საქონლის ყიდვაა შესაძლებელი. ამიტომ ვალუტის დასუსტება საბოლოო ჯამში იწვევს იმ ქვეყნიდან ექსპორტის ზრდას. მოსალოდნელია თურქეთიდან ექსპორტი გაიზარდოს და ადგილობრივ ბაზარზე თურქულ პროდუქციაზე ფასი შემცირდეს. თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული რა ფასნამატს დააწესებს პროდუქციის შემომტანი“, - ამბობს ყაველაშვილი.
ამასთან მეორე საკითხია, ინფლაციასთან საბრძოლველად რას აკეთებს თურქეთის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ექსპერტების შეფასებით უცნაური პოლიტიკა აქვს შერჩეული.
„ნაცვლად იმისა, რომ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, რომ ინფლაციას ებრძოლოს, საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს ან არ ცვლის ან ამცირებს და ამით უფრო მაღალ ინფლაციას იწვევს. ამის პარალელურად, თან ლირაც უფასურდება და ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობა იზრდება. შესაბამისად, თურქეთის სავაჭრო ბალანსი ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირების ხარჯზე უმჯობესდება“, - ამბობენ ექსპერტები.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 27 თებერვლის მდგომარეობით, 1 თურქული ლირა - 0,1394 ლარი ღირს. 27 იანვარს 1 თურქული ლირა - 0,1408 ლარი ღირდა.
მეორად სავალუტო ბაზარზე დღეის მდგომარეობით, 10 თურქული ლირის ყიდვა 1,40 ლარადაა შესაძლებელი, 50 თურქული ლირა -6,70 ლარი ღირს, 100 თურქული ლირა - 13,98 ლარი.
ექსპერტების შეფასებით, თურქული ლირა შესაძლოა, კიდევ გაუფასურდეს, რადგან ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და 23 თებერვალს ერთკვირიანი რეპო განაკვეთი 9%-დან 8.5%-მდე დაწია.
ცნობილია, რომ გლობალურად ცენტრალური ბანკები მაღალი ინფლაციის შესაკავებლად, მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ, თურქეთის ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას, მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება თურქეთის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
ამ მიდგომამ თურქეთში ინფლაციის კიდევ უფრო დაჩქარება და ლირას გაუფასურება გამოიწვია. თურქეთში ინფლაცია 51,17%-ია. 2022 წელს თურქეთში ინფლაცია 20 წლის პიკურ მაჩვენებელზე იყო და 79% შეადგინა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა